მადრიდში განგაში ძლიერდება
კარლო ანჩელოტიმ 2010 წლის შემდეგ პირველად დათმო ფინალი.
სამეფო კლუბმა საკმაოდ უფერული ფეხბურთი აჩვენა საუდის არაბეთში. „სუპერკოპას“ გადამწყვეტი მატჩის საგზურის გაჭირვებით მოპოვების შემდეგ, გუნდმა მეტად უნიათოდ იასპარეზა „ბარსელონას“ წინააღმდეგ - ბავშვური შეცდომები დაცვით ხაზში და ნულოვანი აქტიურობა შეტევაში. მადრიდელებმა ტერ შტეგენის კარის ჩარჩოში მხოლოდამხოლოდ 69-ე წუთზე დაარტყეს. პირველი ტაიმში რამდენიმე მოთამაშეს უმოტივაციობაც ეტყობოდა, რისი ამოკითხვაც თანაგუნდელების ჟესტიკულაციიდან გახდა შესაძლებელი.
ცხადია, ესპანეთის სუპერ თასი ყველაზე ნიშანდობლივ ტურნირად არ ითვლება, თუმცა მასზე განცდილი მარცხი, გარკვეულ წინაღობას ქმნის. მითუმეტეს, როდესაც ფინალს უშუალო კონკურენტთან და ისტორიულ მეტოქესთან აგებ.
ბოლო პერიოდის განმავლობაში იტალიელმა სპეციალისტმა არა ერთხელ გააფრთხილა შეგირდები დაცვაში დაშვებული შეცდომების შესახებ, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. „ვალენსიასთან“ მეორე ტაიმის სტარტზე გაშვებული გოლის ფონზე, „რეალმა“ 3 ბურთი მიიღო კატალონიელებისგან. რიგმა მოთამაშეებმა უყურადღებობითა და ქაოტური მოქმედებებით გამოიჩინეს თავი.
შედეგად, „რეალში“ დაძაბულობა იზრდება და განგაშის დონე იმატებს. წინ კი, მორიგი მნიშვნელოვანი შერკინებაა. 19 იანვარს, „ლა სერამიკაზე“ „თეთრები“ „ვილიარეალს“ შეხვდებიან და სასწორზე „კოპა დელ რეის“ მეოთხედფინალური ეტაპის საგზური იქნება. განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, „ყვითლებთან“ თამაში განიხილება, როგორც „დრამატული“ ფინალი.
- 16 იანვარი 2023
- 1 551
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.