„რეალში“ 6 ფეხბურთელის მომავალი გაურკვეველია
სამეფო კლუბი სეზონის განახლებისთვის ემზადება.
როგორც იცით, მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეული პაუზის შემდეგ, „რეალისათვის“ საკმაოდ რთული პერიოდი იწყება. „თეთრებს“ მომდევნო 60 დღის განმავლობაში 5 ტურნირზე მოუწევთ ასპარეზობა, რაც დიდი ძალისხმევას მოითხოვს.
პარალელურად, ნაყოფიერი სამუშაო გარემო იქნება „სანტიაგო ბერნაბეუს“ ოფისებშიც, ვინაიდან, არსებული მომენტისათვის, შემადგენლობაში ირიცხება 6 ისეთი ფეხბურთელი, რომლებსაც ზაფხულში ეწურებათ მადრიდში ყოფნის ვადა. ესენი არიან: ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი, მარიანო დიასი, მარკო ასენსიო, სანიელ სებალიოსი და ნაჩო ფერნანდესი.
ხორვატმა ნახევარმცველმა კატარის მუნდიალზე მესამე საუკეთესო მოთამაშის (ბრინჯაოს ბურთი) წოდება მოიპოვა. მაროკოსთან ნამატჩევს მან დასძინა, რომ ნაკრებიდან წასვლას ჯერ არ აპირებს (რაც ავტომატურად ნიშნავს მის დარჩენას დიდ ფეხბურთში - ავტ.) და შესაბამისად, აღნიშნულმა ფრაზამ მადრიდში გააჩინა ოპტიმიზმი. გუნდი მზად არის კიდევ 1 წლით გაუხანგძლივოს მოდრიჩს ხელშეკრულება, როგორც ეს უკვე ორჯერ მოხდა მასთან მიმართებით.
განსხვავებული სიტუაციაა გერმანელი შუახაზელის შემთხვევაში. კროოსი სერიოზულად ფიქრობს 32 წლის ასაკში კარიერის დასრულებაზე. ის 2021 წელს ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე დაემშვიდობა ბუნდეს ნაკრებს და ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ კლუბზეა ორიენტირებული. არადა უნდა ითქვას, რომ მიმდინარე სეზონში ტონი ერთ-ერთი საუკეთესოა შემადგენლობაში. „ბლანკოსი“ მასთან უახლოეს მომავალში გამართავს შეხვედრას და დარწმუნებას ეცდება.
ასენსიოს სურვილია „რეალთან“ შეთანხმების განახლება და კლუბიც არ არის წინააღმდეგი, თუმცა ამ დრომდე არაფერია ხელჩასაჭიდი. მოთამაშეს სრული უფლება აქვს 1-ლი იანვრიდან მოლაპარაკებები აწარმოოს ნებისმიერ გუნდთან.
შესაძლებელია, ნაჩოსა და „რეალის“ 21 წლიანი თანაცხოვრება გაისად დასრულდეს. რა თქმა უნდა, პერესი აუცილებლად შეთავაზებას ერთგულ მეომარს დარჩენას, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად მიიღებს ის თანხმობას. ანტონიო რუდიგერის გამადრიდელების შემდეგ, ფერნანდესის სათამაშო პრაქტიკა მნიშვნელოვნად შემცირდა და ცხადია, ეს უკვე პრობლემაა ისეთი უპრეტენზიო ფიგურისათვისაც კი, როგორიც ნაჩიტოა.
ჩამოთვლილი მოთამაშეებიდან ყველაზე დიდი გაურკვევლობა სებალიოსთან დაკავშირებით არსებობს. დანიელის „თეთრი“ კარიერა არცთუ ისე წარმატებით მიმდინარეობს და ამ ეტაპისათვის უცნობია, რაზე ჩამოყალიბდებიან მხარეები.
და ბოლოს, ეჭვგარეშეა, რომ „რეალი“ ახალი სეზონიდან მარიანო დიასთან აღარ ითანამშრომლებს. დომენიკელი თავდამსხმელი, რომელიც წლიურად 4.5 მლნ. ევროს ირებს ხელფასის სახით, ბოლომდე შეასრულებს კონტრაქტს და ესპანეთის დედაქალაქს დაემშვიდობება.
Relevo
- 20 დეკემბერი 2022
- 847
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.