როდრიგომ დაიმსახურა!
21 წლის ფეხბურთელი პირველ მსოფლიოს ჩემპიონატზე იღებს მონაწილეობას.
როდრიგო გოეშმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეროვნულ ნაკრებში დებიუტიდან საკმაოდ მოკლე დროში, სამუნდიალე განაცხადში მოხვედრილიყო და მისი ოცნებაც რეალობად იქცა.
ამჟამინდელი ფორმაციის „სელესაოში,“ მთავარი მწვრთნელის ფავორიტი კვარტეტი შეტევით ნაწილში, ვინისიუსი, ნეიმარის, რაფინიასა და რიშარლისონისგანაა დაკომპლექტებული. ცხადია, როდრიგო სათადარიგო მოთამაშედ ითვლება, თუმცა განვლილმა შეხვედრებმა უკვე ცხადყო, რომ ტიტე დიდ იმედებს ამყარებს შეგირდზე.
ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში, „რეალის“ მოთამაშე 75-ე წუთზე ჩაერთო საქმეში და აქტიურობით გამოიჩინა თავი. რაც შეეხება შვეიცარიელებთან დაპირისპირებას, როდესაც ნეიმარი ტრავმის გამო უქმობდა, დამრიგებელმა მეორე ტაიმის სტარტზევე უხმო მას დასახმარებლად. ამ შემთხვევაშიც შთამბეჭდავად ჩაერთო საქმეში სან პაოლოს მკვიდრი. მან 50-ე წუთზე ყვითელი მიაღებინა მოწინააღმეგეს, ხოლო 83 წუთზე, საგოლე გადაცემა უწილადა კაზემიროს. მას თავადაც შეეძლო თავის გამოჩენა, თუმცა ერთ შემთხვევაში მეკარემ იხსნა გუნდი, მეორეში კი მცველი გადაეფარა დარტყმულს.
„ყვითლები“ ჯგუფური ეტაპის ბოლო პაექრობას კამერუნთან ჩაატარებენ. მსოფლიოს ფეხბურთის გრანდს უკვე განაღდებული აქვს მერვედფინალური ეტაპის საგზური. აფრიკელის წინააღმდეგ, ადგილობრივი პრესა სწორედ როდრიგოს მოიაზრებს სასტარტო შემადგენლობაში. მან ეს დაიმსახურა!
- 29 ნოემბერი 2022
- 732
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.