ვალვერდე ვარსკვლავის სტატუსით
ფედერიკო ვალვერდე თანამემამულეებთან ერთად ყატარში იმყოფება და მოუთმენლად ელოდება სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებას.
24 წლის ნახევარმცველი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება - „რეალის“ მაისურით 8 გოლსა და 4 ასისტს მოითვლის. ის შემადგენლობის საუკეთესო ბომბარდირია ვინისიუსის შემდეგ. ამ უკანასკნელმა 10 შედეგიანი დარტყმის განხორციელება მოასწრო (პაუზამდე).
ფედერიკო წლების წინ ჯუნი კალაფატის წყალობით მოხვდა ესპანურ გრანდში. მაშინ, მადრიდელებს 5 მილიონი ევრო დაუჯდათ მისი ტრანსფერის გაჩარხვა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ზაფხულს, მოთამაშემ კონტრაქტი გაახანგრძლივა კლუბთან, რომელიც 2027 წლის 30 ივნისს იწურება. მისი როლი კიდევ უფრო გაიზრდება მოედნის ცენტრში, როდესაც ისეთი ფეხბურთელები წავლენ გასახდელიდან, როგორებიც მოდრიჩი და კროოსი არიან.
Transfermarkt-ის განახლებული მონაცემებით, ფედე 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის 5 ყველაზე ძვირადღირებულ მოამაშეს შორის მოიაზრება. „ელ ფალკონის“ ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონ ევროს შეადგენს. მასზე წინ კი, მხოლოდ ფილ ფოდენი (110 მლნ.), ვინისიუსი (120), მბაპე (160) და ჰალანდი არიან (170).
„თუ ის მსგავსად გააგრძელებს ბურთაობას, ვერანაირ საზღვრებს ვერ ვხედავ, მეტად სრულყოფილი ფეხბურთელია. მას შეუძლია რთულ მომენტში აიღოს ბურთი და პირდაპირ მეტოქის კარში შევიდეს. მე ვალვერდეს ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ. მომდევნო 10 წლის განმავლობაში ფედერიკო მსოფლიოს დონის მოთამაშე იქნება“ - ასე ახასიათებს ტონი კროოსი თანაგუნდელს.
მაშასადამე, ფედე ნელ-ნელა იძენს ვარსკვლავის სტატუსს და გულშემატკივრები მის მორიგ გაბრწყინებას უკვე მუნდიალზე ელოდებიან.
- 24 ნოემბერი 2022
- 390
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.