“ლიონი” გარაის შეძენას აპირებს
სატრანსფერო ბაზარზე მუსირებს აზრი, რომ აგვისტოს ბოლომდე “რეალი” ერთ მცველს აუცილებლად შეიძენს. გამომდინარე აქედან, ეზეკილ გარაის ძირითადში მოხვედრის ისედაც მინიმალური შანსი შესაძლოა ნულამდე დავიდეს. არგენტინელი მცველის აგენტი არც გუნდის გამოცვლას გამორიცხავს.
როგორც ცნობილი გახდა, “ლიონის” პრეზიდენტი, ჟან-მიშელ ოლა ამ დღეებში ფლორენტინო პერესს დაუკავშირდა და გარაის ტრანსფერზე ჩამოუგდო სიტყვა. პერესი ეზეკილის გაშვებას მანამ არ აპირებს, სანამ ახალ მცველს არ იყიდის. ეს კი ტრანსფერს გარკვეულწილად აჭიანურებს.
გარაის აგენტს გუშინ ფრანგი ჟურნალისტები დაუკავშირდნენ და ეზეკილის შესაძლო ტრანსფერის შესახებ დასმულ კითხვაზე შემდეგი პასუხი მიიღეს: “გარაის “რეალში” დარჩენა სურს, თუმცა ძირითადში თამაშის პერსპექტივით. “ლიონმა” საინტერესო წინადადებით მოგვმართა და სულ მალე გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. შესაძლოა, ფრანგული გუნდის ვარიანტი სამივე მხარისთვის მოგებული აღმოჩნდეს: ეზეკილი მუდმივ სათამაშო პრაქტიკას მიიღებს, “ლიონი” მაღალი დონის ცენტრალური მცველით გაძლიერდება, ხოლო “რეალი” ტრანსფერში მისთვის მისაღებ თანხას მიიღებს.”
როგორც ცნობილი გახდა, გარაის სატრანსფერო თანხა 12 მილიონ ევროს შეადგენს. გასული სეზონის ძირითად ნაწილში არგენტინელი, პეპეს ტრავმის გამო, სასტარტო შემადგენლობაში საკმაოდ ხშირად ასპარეზობდა.
ინფორმაციის წყარო: defensacentral.com
- 29 ივლისი 2010
- 1 543
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.