ზიდანი:„მე უკვე გადავწყვიტე, სად გავაგრძელებ კარიერას“
ზინედინ ზიდანმა 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვრცელი, მრავლისმომცველი და ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი მიმოიხილა...
„„პსჟ“-ში დანიშვნა? არასოდეს თქვა არასოდეს, თუმცა მე ამ ეტაპზე განსხვავებული ხედვები მაქვს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერ მხოლოდ 50 წლის ვარ და ვიცი, რომ სამწვრთნელო კარიერაში კიდევ ბევრი რამის დამტკიცება მომიწევს. ახლა თავს ბედნიერად ვგრძნობ და მსურს, რომ სიამოვნება მივიღო.“
„„რეალში“ ტრანსფერი საოცარი იყო. მაშინ ფლორენტინო პერესმა ჩემს სანაცვლოდ კოლოსალური თანხა გადაიხადა. „იუვენტუსში“ ბედნიერი ვიყავი, მაგრამ „ბლანკოსი“ ჩემი კარიერის მწვერვალი იყო და არასდროს ვინანებ ამ გადაწყვეტილებას. მადრიდმა ბევრი მომცა.“
„ფლორენტინო პერესთან შეხვედრა არასდროს დამავიწყდება. ეს იყო „მონაკოში“. პირველივე შეხვედრაზე ყველა დეტალი შევათანხმეთ და დამატებითი კონსულტაციების საჭიროება არ დამდგარა. ჩემთვის ეს ადამიანი მისაბაძია, როდესაც იტყვის - „მოდით გავაკეთოთ“, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე უკვე დაწყებულია.“
„გალა ვახშამზე ფლორენტინომ წერილი გამომიგზავნა, გაქვს სურვილი, რომ მადრიდელი გახდე? მე კი ვუპასუხე დიახ.“
„5 ნომერი ჩემთვის მაგიური იყო, სწორედ 5-ჯერ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა „რეალთან“ ერთად, როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის ასისტენტისა და მთავარი მწვრთნელის რანგში. სწორედ 5 წელი გავატარე სამეფო კლუბის სადარაჯოზე ფეხბურთელის რანგში. როდესაც თამაშის წინ სასტუმროში მეხუთე სართულზე განვთავსდებოდი, შეხვედრების 99%-ს ვიგებდი. ეს არის ბედნიერი რიცხვი.“
„2002 წლის ფინალი, რომელიც გლაზგოში გაიმართა არასდროს დამავიწყდება. ეს იყო 15 მაისი, ხოლო 3 დღეში ჩემი შვილი, ტეო დაიბადა. ის საღამო ფეხბურთის ისტორიას დარჩა.“
„გოლი, რომელიც „ლევერკუზენს გავუტანე ჩემ კარიერაში საუკეთესო იყო. დიახ, ამბობენ, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში და არ შემიძლია არ დავეთანხმო. რობერტო კარლოსთან აღნიშნულ საკითხზე ხშირად მქონდა საუბარი, ბრაზილიელმა მართლაც საოცარი გადაცემა გამიკეთა. ეს იყო უბედნიერესი წუთები გარკვეული წარუმატებლობების შემდეგ. „რეალი“ ჩემპიონი უნდა გამხდარიყო, მე კი ამ გოლმა ბევრად თავდაჯერებული გამხადა.“
„ჩემპიონთა ლიგის მოგება შევძელი, როგორც მწვრთნელის, ასევე მოთამაშის რანგში. როდესაც გუნდს წვრთნი პასუხისმგებელი ხარ 25 შეგირდზე, რომელმაც საუკეთესო ფეხბურთი უნდა ითამაშოს. შენ წარმოადგენ მსოფლიოს საუკეთესო კლუბს და იღებ პასუხისმგელობას მილიონობით გულშემატკივრის წინაშე, ეს მართლაც დიდი პატივი და ვალდებულებაა. ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ 3-ჯერ მოვიგე, ეს გამართლებით არ ხდება. გიჟივით ვმუშაობდი და არანორმალურ გრაფიკს ვუძლებდი. დილის 8 საათზე ბაზაზე მივდიოდი და ხშირად ღამის 11-მდე იქ ვიყავი. როდესაც სახლში ვბრუნდებოდი უკვე მეორე დღეზე ვფიქრობდი და იმ მონახაზებს ვაანალიზებდი, რაც ფეხბურთელებისთვის უნდა მეთქვა. ეს იყო გიჟური პერიოდი, რომელმაც შედეგი გამოიღო და „ბლანკოსმა“ შეუძლებელი შეძლო.“
„რაფა ბენიტესის წასვლის შემდეგ გუნდი ჩავიბარე და ცოტა დრო მქონდა მოსამზადებლად. ჩვენ ყველაფერი შევცვალეთ და სეზონის ბოლოს ევროსარბიელზე ოქროს მედლები დავისაკუთრეთ, ამას ბევრი არ ელოდა.“
„როდესაც პასუხისმგელობას ვიღებ, ყოველთვის გამარჯვება მსურს. ყოველთვის ვერ მოიგებ, მაგრამ ამისთვის ყველაფერი უნდა გაიღო, ჩემი ცხოვრების კრედო ასეთია. მახსენდება საოცარი მატჩები „იუვენტუსის“, „ბაიერნის“, „ლივერპულის“, „ატლეტიკოს“ და სხვების წინააღმდეგ. მაშინ „რეალისთვის“ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება იყო შესაძლებელი.“
„რა შეიცვალა 1998 წლის ზიდანსა და ახლანდელს შორის? მე მივიღე გამოცდილება და გავხდი უფრო სრულფასოვანი ადამიანი. შემართება და თავდადება ყოველთვის მქონდა და ახლაც იმავე აზრზე ვარ. ჩემთვის სპორტი ყველაფერია, სადაც მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრს ვაპირებ.“
„როდესაც მადრიდში გადავედი 3 თვის განმავლობაში ჟურნალისტები არ მშორდებოდნენ და მოსვენების საშუალებას არ მაძლევდნენ, შემდეგ ისინი მიხვდნენ, რომ ჩემი ცხოვრება მათთვის განსაკუთრებულად საინტერესო არ იყო.“
„ადრე იეზიდს მეძახდნენ, შემდეგ კი ზიზუ შემარქვეს. ეს სასიამოვნო მეტსახელია.“
„მე მაქვს პროექტი Z5 Group, რომელსაც საკუთარ დედმამიშვილებთან ერთად ვაწარმოებ და მჯერა, რომ წარმატების მიღწევას შევძლებ, გარდა ამისა აუცილებლად გავაგრძელებ სამწვრთნელო საქმიანობას.“
„საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელობა? ეს ჩემთვის უდიდესი პატივი იქნება. ვაღიარებ, „ლურჯების“ სათავეში დგომას ჩემი ოცნებაა და ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება. დეშამს წარმატებებს ვუსურვებ და ვნახოთ, რა მოხდება. მე უკვე ვიცი, სად გავაგრძელებ კარიერას. სანაკრებო მუშაობა ჩემთვის მწვერვალის ტოლფასი უნდა იყოს.“
„10 წლის ასაკში ფეხბურთის ფანატიკოსი ვიყავი, არასდროს დამავიწყდება მაშინდელი ლეგენდები, რომლებიც ფეხბურთს ალამაზებდნენ. ფეხბურთს მამასთან ერთად ვუყურებდი და მჯეროდა, რომ მეც ფეხბურთელი ვიქნებოდი. მჯეროდა წარმატების, წინსვლის და პროფესიონალად ჩამოყალიბების.“
„ენცო ფრანჩესკოლის თამაში ჩემთვის შთაგონების წყარო იყო, მისი პერსონალური ფანი ვიყავი და უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი. ყველაფერს გამადიდებელი მინით ვუყურებდი და ვცდილობდი ბევრი რამ ამეთვისებინა.“
„საფრანგეთის ჩემპიონატში ბევრი რამ ვისწავლე, პირველი ნაბიჯები სწორედ იქ გადავდგი და უფრო მაღალ ასპარეზზე გავედი. „ბორდო“, „მარსელი“ და სხვა ფრანგული კლუბები ძალიან მიყვარს.“
„2006 წლის ჩემპიონატი არასდროს დამავიწყდება. ნაკრებიდან წასული ვიყავი და დავბრუნდი, ჩემთვის ლიდერის ფუნქციის მორგება მარტივი არ იყო, მაგრამ ეს შევძელი. არაერთი დრამატული დაპირისპირება მოვიგეთ, თუმცა ფინალში დავმარცხდით, რაც ძალიან სამწუხარო იყო.“
„ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ ტრავმით ვითამაშე, მაშინ სამედიცინო პერსონალმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ფეხზე დავმდგარიყავი, თუმცა ამოცანა საკმაოდ რთული იყო. ჩვენ გავიმარჯვეთ, თანაც გუნდის დახმარება შევძელი.“
„მატერაცის მომენტი? ამას არ ვნანობ, რადგან ჩემი კარიერის შემადგენელი ნაწილია. იმ დღეს ჩემმა დამ რამდენჯერმე დამირეკა, დედა კარგად არ იყო. მატერაციმ ჩემს დაზე მითხრა და არა დედაზე. რამდენიმე წამი გავიდა და გადავწყვიტე, რომ იტალიელისთვის შესაბამისი პასუხი გამეცა. ეს საკითხი უკვე ჩავლილი და დახურულია, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ამას არ ვნანობ. ყველაფერი ისე არ ხდება, რაც ნორმის ფარგლებში შეიძლება ჩაჯდეს.“
„მე მოვიპოვე ისეთი დიდი ფეხბურთელების მხარდაჭერა და ნდობა, როგორებიც კრიშტიანო რონალდუ და ბენზემა არიან. მათთან მუშაობა ჩემთვის საოცრად კომფორტული იყო, ახალი ეპოქის შექმნაში ფრანგულ-პორტუგალიურმა დუეტმა უდიდესი წვლილი შეიტანა. მე მათ დიდ პატივს ვცემ.“
„2017 წლის დუბლი საოცარი იყო. ჩვენ როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე უდიდესი წარმატება დავაფიქსირეთ. ძალიან ბედნიერი ვიყავი და მჯეროდა წარმატების.“
„ბენზემას ოქროს ბურთი? ფფიქრობ, ფრანგს კონკურენტი არ ჰყავს. ის არის განსაკუთრებულად სტაბილური და პროგრესსაც აღარ საჭიროებს. დამერწმუნეთ, ბენზემა კიდევ ბევრ მაგიურ საღამოს შემოგვთავაზებს.“
„„რეალთან“ კომუნიკაცია ახლაც მაქვს. ბერნაბეუზე ხშირად მივდივარ და თამაშებს ვუყურებ. მთავარ მწვრთნელად დაბრუნება? არასოდეს თქვა არასოდეს. ამას აქაც ვოტყვი. „ბლანკოსი“ ჩემთვის ყველაფერია და ასე იქნება მომავალშიც.“
- 23 ივნისი 2022
- 2 995
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.