ჩუამენი:„მბაპე „პსჟ“-ს მთავაზობდა, მაგრამ „რეალი“ მსოფლიოში საუკეთესოა“
ოურელინ ჩუამენიმ „რეალის“ ფეხბურთელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა...
ბუტრაგენიო - „ჩემთვის დიდი პატივია მოგესალმო და წარმატებები გისურვო მსოფლიოს საუკეთესო კლუბში. ეს უკვე შენი სახელია. მადლობა, რომ გადაწყვიტო ჩვენი გუნდის რიგებს შემოერთებოდი და ჩვენი დიდი ოჯახის ნაწილი გამხდარიყავი.
ამის შემდეგ პრესკონფერენცია ფეხბურთელმა განაგრძო.
„მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მოვხვდი და ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა. ბევრს ვიმუშავებ წარმატების მისაღწევად და ტიტულების მოსაგებად.“
„„პსჟ“-ს ინტერესი? დიახ, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩემით რამდენიმე კლუბი ინტერესდებოდა, თუმცა როგორც კი „რეალისგან“ სერიოზული წინადადება მოვისმინე, არ დავფიქრებულვარ. მე მსურს წარმატების მიღწევა და მწვერვალების დაპყრობა, ამისთვის კი „ბლანკოსი“ საუკეთესო ადგილია. მოხარული ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მოვხვდი.“
„ბენზემასთან და კამავინგასთან კომუნიკაცია მქონდა. ამ უკანასკნელმა სამეფო კლუბის რიგებში საკმაოდ ნაყოფიერი სეზონი ჩაატარა და გაიზარდა, როგორც ფეხბურთელი. რაც შეეხება ბენზემას, ის მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია. ჩემს თანამემამულესთან მიმოწერა მქონდა, მან მადრიდში არსებული სიტუაცია ამიხსნა და მითხრა, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიმეღო.“
„ტყუილის თქმა არ მსურს. ბევრ გუნდთან მქონდა მოლაპარაკება და ვიცოდი, რომ „მონაკოში“ აღარ დავრჩებოდი, მაგრამ მადრიდის „რეალთან“ კომუნიკაციამ ყველაფერი შეცვალა. ჩემს აგენტს დავავალე, რომ მთელი აქცენტი ესპანელებზე გაგვემახვილებინა, რადგან „რეალი“ ჩემი ოცნება იყო.“
„მბაპეს დარჩენა „პსჟ“-ში? ეს მისი გადაწყვეტილებაა. ლოტინი პარიზს მთავაზობდა, მაგრამ ყოველთვის იცოდა, რომ მე პირადად „რეალს“ ვირჩევდი. სამეფო კლუბი ჩემთვის საოცნებოა. რადგან მბაპე თვლის, რომ საფრანგეთში დარჩენა საუკეთესო გადაწყვეტილებაა, მე მის პოზიციას პატივს ვცემ.“
„ფიზიკურ დონეზე თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ჩემთვის საუკეთესო პოზიცია მოედნის ცენტრში ყოფნაა. შემიძლია ართმევა, კარგი პასების გაკეთება, ჩაჭრა და ბურთის ტარება. მწვრთნელი გადაწყვეტს, სად უფრო საჭირო ვიქნები.“
„შემიძლია, როგორც „6“-იანის, ასევე „8“-იანის პოზიციაზე თამაში. 4-3-3 სქემაში იდეალურად ჩავჯდები.“
„როდესაც ვუყურებდი, რას აკეთებდა „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის სხვადასხვა ეტაპზე, აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. როდესაც ფინალის დრო მოვიდა, კლუბთან ინტენსიური მოლაპარაკებები მქონდა და ყველაფერს ვაკეთებდი აქ მოსახვედრად.“
„ყოველდღიურობაში ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ საუკეთესო ვიყო. ბევრს ვშრომობ და მაქვს შთაგონება ჯორდანის, ბრაიანტის და სხვების სახით. მაქსიმალისტი ვარ და ვეცდები საუკეთესო გავხდე.“
„ჩემი სატრანსფერო ფასი? ეს არანაირად არ მაშინებს. დღევანდელ ფეხბურთში ბევრი რამ შეიცვალა და ეს ბუნებრივია.“
„კაზემიროს შესანიშნავი კარიერა აქვს. არ ვიცი, ვიქნები თუ არა მისი შემცვლელი. ფაქტი ისაა, რომ ბრაზილიელმა „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ მოიგო და ამაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია.“
„შესაძლოა სხვა გუნდებში მეტი სათამაშო წუთის გარანტია მქონოდა, რაც საფრანგეთის ნაკრებისკენ გამიხსნიდა გზას, მაგრამ ვფიქრობ, რომ „რეალშიც“ შემიძლია ბრძოლა და კონკურენციაში ჩაბმა. მე მჯერა საკუთარი თავის და მზად ვარ, გამოწვევების მისაღებად.“
„უკვე გითხარით, რომ ჩემი ფავორიტი იყო „რეალი“, ამიტომ „პსჟ“-ს და სხვა მსურველ გუნდებს უარი ვუთხარი. ეს იყო ოცნება, რომელიც დღეს შესრულდა.“
„ჩემი ფავორიტი ნომერი „8“-იანია, მაგრამ ამ ნომერს „ბლანკოსში“ ტონი კროოსის სახით ღირსეული მფლობელი ჰყავს. ამ ეტაპზე 18 ნომრიანი მაისური იყო თავისუფალი და სწორედ ის ავირჩიე, რადგან „8“-იანთან ახლოს არის.“
„„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის 14 თასს ფლობს, თუმცა ეს გუნდი არ ჩერდება. პრეზიდენტს სამომავლო გეგმებზე უკვე ვესაუბრე. ჩვენ დიდი ამბიციები გვექნება და ამისთვის ყველაფერს გავიღებთ. ტიტულები უკვე წარსულია, მომავალს უნდა ვუყუროთ.“
„როდესაც „მონაკოში“ მივედი, იქ ფაბრეგასი ირიცხებოდა და ბევრი რამ მასწავლა. ვფიქრობ, ძალიან ახალგაზრდა ვარ და ყველა ასპექტის გაუმჯობესება შემიძლია. სამეფო კლუბის რიგებში ტოპ ნახევარმცველები ირიცხეიან, მათგან ბევრ რამეს ვისწავლი.“
„ჩემი კუმირი ზიდანია. არასდროს დამავიწყდება 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ზიზუმ საოცარი მატჩები შემოგვთავაზა. მართალია წავაგეთ, თუმცა ჩემპიონატი საოცარი იყო. პატარა ვიყავი და ვოცნებობდი, რომ ნაკრებში მეთამაშა.“
„ასევე დიდ პატივს ვცემ ბენზემას და იმ გზას, რომელიც მან მადრიდში გაიარა. დღეს ფრანგი სამეფო კლუბის მოქმედი ლეგენდაა.“
„ანჩელოტის რამდენიმე კვირის წინ ვესაუბრე. იტალიელმა მითხრა, რომ კარიერულ ზრდაში დამეხმარებოდა. ჩემთვის კარლოსთან მუშაობა სასიამოვნო იქნება. ის ძალიან გამოცდილი და კომუნიკაბელური ადამიანია.“
- 14 ივნისი 2022
- 4 238
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.