„რეალმა“ ჩუამენი წარადგინა: „ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ...“
მადრიდის „რეალმა“ ოურელინ ჩუამენი წარუდგინა გულშემატკივრებს.
„ვალდებებასზე“ გამართული ღონისძიება, რომელსაც კლუბის ხელმძღვანელობა და ფეხბურთელის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ, ვიდეო კოლაჟის ჩვენებით დაიწყო. დამსწრე საზოგადოებამ თვალი მიადევნა ფრანგი ნახევარმცველის კარიერის საუკეთესო მომენტებს, რის შემდეგაც სიტყვით გამოვიდა ფლორენტინო პერესი.
„ჩვენ ახლახანს დავასრულეთ სეზონი, რომელიც ყოველთვის გვემახსოვრება. გუნდმა ლა ლიგის 35-ე და ჩემპიონთა ლიგის მე-14 თასი მოიგო, მაგრამ „რეალი“ არასდროს კმაყოფილდება მიღწეულით. „რეალს“ ყოველთვის მეტი უნდა და ჩვენ უკვე ვოცნებობთ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მე-15 ტიტულზე. ჩვენ ამისათვის თავდაუზოაგავად ვმუშაობთ. ჩვენ გვყავს დიდებული შემადგენლობა, რომლის რამდენიმე წევრიც უკვე ჩ/ლიგის 5 ოქროს მედალს მოითვლის. შემდეგი გამოწვევა მარტივი არ იქნება. დღეს ჩვენს რიგებს შესანიშნავი ფეხბურთელი უერთდება ოურელინ ჩუამენის სახით. ის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია ევროპაში.“
„ძვირფასო ოურელინ, გილოცავ. შენი ოცნება რეალობად იქცა. 22 წლის ასაკში შენ არჩევანის საშუალება გქონდა და ფსონი „რეალზე“ გააკეთე. ბენზემა და კამავინგა უკვე მოგიყვებოდნენ „სანტიაგო ბერნაბეუს“ მაგიურობის შესახებ. ახლა ყველაფერს საკუთარი თვალით ნახავ.“
„შენ „რეალის“ მხარდაჭერა გექნება, რომელიც ყველაფერს გაიღებს, თუ საპირისპიროდ თავგანწირვასა და ბოლომდე ბრძოლას დაინახავს. დღეიდან უკვე ამ კლუბის ფასეულობების წარმოადგენ. აქ ყველაფერი დამყარებულია მეგობრულ სულისკვეთებაზე, პატივისცემასა და სოლიდარობაზე. შენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო და ამით უნდა ამაყობდე. რამდენიმე წუთში უკვე მოირგებ მაისურს, რომელიც შენი რჩეული გახდა. კეთილი იყოს შენი მობრძანება სახლში.“
პრეზიდენტის შემდეგ, თავად ჩუამენმაც გააკეთა მცირე განცხადება: „ძალიან ბედნიერი ვარ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში გადმოსვლით. გპირდებით, ძალისხმევას არ დავიშურებ, რათა კლუბს უფრო მეტი ტიტულის მოგებაში დავეხმარო. მადლობა პრეზიდენტს, აგენტსა და ოჯახის წევრებს იმისათვის, რომ დღეს აქ ვიმყოფები. ჰალა მადრიდ!“
ცერემონიის მიწურულს, პერესმა ჩუამენს 18 ნომრიანი მაისური გადასცა და მასთან ერთად სამახსოვრები სურათები გადაიღო.
- 14 ივნისი 2022
- 952
- 13
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.