„რეალი“ მარსელოს დაემშვიდობა: „ჩემი კარიერა მისი დამსახურებაა“
„რეალის“ საწვრთნელ ბაზაზე მარსელოს კლუბიდან გაცილების ღონისძიება გაიმართა.
აღნიშნული ცერემონია სპეციალურ მოწყობილ დარბაზში შედგა, სადაც წარმოდგენილი იყო ბრაზილიელი ფეხბურთელის მიერ სამეფო კლუბის მაისურით მოპოვებული 25-ვე ტიტული.
ღონისძიება, რომელსაც ფეხურთელის ოჯახის წევრები, კლუბის ხელმძღვანელობა და თანაგუნდელები ესწრებოდნენ, ვიდეო კოლაჟით გაიხსნა. დამსწრე საზოგადოებამ მარსელოს მადრიდული კარიერის საუკეთესო მომენტებს მიადევნა თვალი და შემდეგ კი, სიტყვით გამოვიდა ფლორენტინო პერესი.
„ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ემოციურად დატვირთული და განსაკუთრებული დღის მომსწრენი ვართ. დღეს ჩვენ მადლიერებასა და პატივისცემას გამოვხატავთ ადამიანის მიმართ, რომელიც განვლილი წლების განმავლობაში კლუბის ლეგენდად ჩამოყალიბდა. ის „რეალის“ ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშეა. ძვირფასო მარსელო, შენ ბავშვობის ოცნებები რეალობად აქციე. შენ ხარ უცხოელი მოთამაშე, რომელმაც ყველაზე მეტი თამაში ჩაატარე „ბლანკოსის“ მაისურით და მოიგე ყველა ტურნირი“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
„ჩვენ მადრიდისტები ვამაყობთ იმით, თუ როგორ იცავდი ამ პერიოდის განმავლობაში გუნდის ღირსებას. შენ ხარ განუმეორებელი. შენი ფანტაზია და განწყობა გუნდისათვის მნიშვნელოვანი იყო ტიტულიებისაკენ მიმავალ გზაზე. ჩ/ლიგის მე-14 თასის ზეიმოს დროს დასძინე, რომ ახლა დრო იყო სიხარულისა. შენ უნდა ამაყობდე ასეთი ბრწყინვალე კარიერით“ - დაამატა ფლორენტინომ.
„შენ ყოველთვის ზუსტად გადმოსცემდი „რეალის“ ღირებულებებს და ეს გაგრძელდება სამომავლოდაც. იყო კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტულის მქონე მოთამაშე, მხოლოდ გამორჩეულების ხვედრია. შენ ყოველთვის მაგალითი იქნები სპორტის ამ სახეობის მოყვარული გოგონებისა და ბიჭებისათვის. მოხარული ვარ, რომ შენთან ერთად ბევრი სიხარულის გაზიარება მომიწია და მჯერა, ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი გახდები. ეს ყოველთვის შენი სახლი იქნება. მადრისი არის ადგილი, სადაც შენი ოცნებების რეალიზება მოხდა და მადლობას გიხდით ყველაფრისათვის. შენ მუდამ ჩვენი გულშემატკივრების გულებში დარჩები“ - დაასრულა პერესმა.
პრეზიდენტის შემდეგ სიტყვით გამოვიდა თავად ფეხბურთელი: „მინდა მადლობა გადავუხადო კლუბს, თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, პერსონალს და ყველას, ვინც ამ გუნდისათვის მუშაობს. ჩვენ საკუთარ თავს ფეხბურთს ვუძვნით, მაგრამ აქ არიან ადამიანები, რომლებიც შესაბამის პირობებს გვიქმნიან და მათი შრომა სააშკარაოზე არ ჩანს. „რეალში“ ბევრი რამ ვისწავლე. მადლობას ვუხდი კლუბს ყველაფრისათვის. ჩემმა შვილებმა საკუთარი თვალით ნახეს, თუ როგორ თამაშობდა მამა მსოფლიოს საუკეთესო გუნდში.“
„მადლობას ვუხდი ჩემს მშვენიერ მეუღლეს, ის ჩემი შვილების დედაა. ჩვენ ერთიანი ძალებით შევქმენით ოჯახი. რასაც დღეს წარმოვადგენ, ყველაფერი მისი დამსახურებაა. როდესაც ბრაზილია დავტოვე, დიდ კლუბში თამაშსა და ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობაზე ვოცნებობდი. მადრიდში გადმოსვლის დღიდან ვფიქრობდი, რომ მაღალ საფეხურს მივაღწევდი და ახლა კლუბს ვტოვებ, ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელის რანგში. მინდა განსაკუთრებული დამოკიდებულება გამოვხატო რაულის მიმართ. როდესაც ჩემი ვაჟი დაიბადა, შენ კაპიტანი იყავი და დიდი ცოდნა გამიზიარე. შენ გადმოგვეცი კალათი, სადაც ბევრი ნივთი იყო თავმოყრილი და ამას არასდროს დაგივიწყებთ. იქედან მოყოლებული ჩემთვის სამაგალითო ხარ და ვცდილობ მობაძვას“ - განაცხადა სამხრეთ ამერიკელმა.
„თავაწეული ვტოვებ კლუბს. ოჯახი ამაყობს ჩემით. იღბლიანი ვარ, ვინაიდან ასეთი ადამიანები მყავს გვერდით. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. არ გემშვიდობებით, რადგან არ ვგრძნობ, რომ „რეალს“ ვტოვებ. თუ ბილეთებს არ მომცემთ ხოლმე, პრობლემები გექნებათ. აქ მოვედი ბავშვი და მივივარ, როგორც კაცი“ - აღნიშნა მარსელომ.
დასასრულს, ფეხბურთელმა კლუბის პირველი პირისგან სიმბოლური საჩუქარი მიიღო (ოქროთი და მარგალიტით გაწყობილი კლუბის გერბი), რასაც სამახსოვრო ფოტოების გადაღება მოჰყვა. მთელი ამ პროცესის განმავლობაში მარსელოს ემოციების შეკავება ძალიან უჭირდა. მის გვერდით იყვნენ კარვახალი, ასენსიო, ანჩელოტი და რაული.
- 13 ივნისი 2022
- 4 464
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.