როგორ გადაიბირა „რეალმა“ ჩუამენი?
„რეალმა“ და „მონაკომ“ ჩუამენის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს და შედეგად, მომდევნო 6 სეზონის განმავლობაში ნახევარმცველი მადრიდელთა ღირსებას დაიცავს.
აღსანიშნავია, რომ „ბლანკოსის“ წარმომადგენლები ჯერ კიდევ განვლილ სექტემბერს დაინტერესდნენ მოთამაშის შესაძლებლობებით და დაიწყეს გარკვეული მოქმედებები. უკვე იანვარში კი, „თეთრებს“ სრული სურათი ჰქონდათ 22 წლის ჩამშლელთან დაკავშირებით და მისი საკუთარ რიგებში ჩარიცხვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
აპრილში ყველასათვის ცნობილი სკაუტი კალაფატი მონაკოში ჩაფრინდა, რათა მოლაპარაკებები ეწარმოებინა ადგილობრივებთან. გამომდინარე იქედან, რომ მოცემული მომენტისათვის „რეალის“ პრიორიტეტს კილიან მბაპეს გაფორმება წარმოადგენდა, ესპანელები ჩუამენს კიდევ 1 წლით სთხოვდნენ მონეგასკურ გუნდში დარჩენას, რაც, ბუნებრივია, მიუღებელი იყო მისთვის, ვინაიდან სეზონის დასრულების შემდეგ სურდა ლოკაციის შეცვლა.
სიტუაცია 180 გრადუსით შეიცვალა მბაპეს დამსახურებით, რომელმაც მადრიდელებს იმედები გაუწბილა და პარიზთან გაახანგრძლივა კონტრაქტი. იქედან მოყოლებული, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უკვე სრული დატვირთვით დაიწყეს მუშაობა ოურელინის საკითხზე და ყველაფერი წარმატებით დასრულდა.
რა თქმა უნდა, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის თავად ფეხბურთელს. ამ უკანასკნელმა ყოველგვარი აურზაურისა და შოურების გარეშე, ძალიან მშვიდად უარი თქვა „პსჟ“-ს მილიონებზე და მწვანე შუქი აუნთო სამეფო კლუბს.
როგორც კამავინგასა და კიდევ მრავალი სპორტსმენის, ჩუამენის ოცნებაც „რეალის“ მაისურის მორგება იყო. ის თანაშრომლობას იწყებს გუნდთან, სადაც დიდი კონკურენცია დახვდება, თუმცა ყველაფრისათვის მზად არის.
- 11 ივნისი 2022
- 2 011
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.