პასპორტი - „რეალის“ ერთ-ერთი პრობლემა
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე სამეფო კლუბს გარკვეული შეფერხება აქვს ტექნიკური საკითხებიდან გამომდინარე.
ესპანური კანონმდებლობის მიხედვით, კლუბების შემადგენლობაში უცხოელი (არაევროკავშირის პასპორტის მქონე) ფეხბურთელების კვოტა მხოლოდ და მხოლოდ სამს შეადგენს. არსებული მომენტისათვის, „რეალში“ აღნიშნული ადგილები ვინისიუსს, როდრიგოსა და მილიტაოს აქვთ შევსებული. შესაბამისად, სანამ რომელიმე მათგანი ორმაგ მოქალაქეობას არ მიიღებს, მადრიდელები უბრალოდ ვერ შეძლებენ არაევროკავშირის ქვეყნის პასპორტის მქონე მოთამაშის დამატებას.
იმისათვის, რომ ადამიანი ესპანეთის მოქალაქე გახდეს, საჭიროა 10 წლის განმავლობაში გადაბმულად ცხოვრობდეს ამ ქვეყანაში, მაგრამ გამონაკლისებს მიეკუთვნებიან ლათინო ამერიკელები, ანდრორელები, ფილიპინელები და გვინეელები. მათთვის განაცხადის წარსადგენად სახელმწიფოს ტერიტორიაზე 2 წლიანი მოღვაწეობაც საკმარისია.
არსებული ნორმების მიხედვით, ვინისიუსმა 2020 წელს შეიტანა მოთხოვნა ესპანეთის მოქალაქეობაზე, მაგრამ პანდემიის გათვალისწინებით, სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან საქმეების განხილვა შეფერხდა. ოფიციალური მადრიდი ამ დრომდე ვერ ახერხებს ფეხბურთელთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრას. ბრაზილიელი ფეხბურთელი საკუთარ რიგს ელოდება.
ეს სიტუაცია „ბლანკოსს“ დიდ ბარიერს უქმნის სატრანსფერო ფანჯარაზე, ვინაიდან მათი მოქმედების არეალი მკაცრად განსაზღვრულია. ამ შეზღუდვის გამო, განათხოვრებული ფეხბურთელების (რეინიერი და კუბო) უკან დაბრუნებაც, ფაქტობრივად, გამორიცხულია.
საინტერესოა, რომ ბუნდეს ლიგაში ფეხბურთელთა მოქალაქეობას საერთოდ არავინ აკონტროლებს, ხოლო სერია ა-ში, იგივე პრინციპი მოქმედებს, რაც პრიმერა დივიზიონში, მაგრამ წესებისთვის გვერდის ავლა ნებადართულია, თუ ტრანსფერი ჩემპიონატის კლუბებს შორის ხორციელდება.
ვინის გარდა, უკვე როდრიგოსა და მილიტაოსაც აქვთ შევსებული შესაბამისი ფორმა. თუ როდის გახდებიან ისინი ორმაგი პასპორტის მესაკუთრეები, დროის საკითხია...
- 10 ივნისი 2022
- 1 569
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.