„რეალს“ რთული სეზონი ელოდება წინ
რამდენი ფეხბურთელი დასჭირდება სამეფო კლუბს, რომ მომდევნო სეზონში ფონს გასვლა მოახერხოს?
პირველად ფეხბურთის ისტორიაში, მუნდიალი არა ზაფხულში, არამედ შემოდგომა-ზამთარში გაიმართება, რაც დიდ გავლენას იქონიებს მთლიანად სეზონზე. „რეალისათვის“ ეს უფრო მტკივნეული იქნება, ვინაიდან მადრიდელები 10 აგვისტოს დაიწყებენ ასპარეზობას (ევროპის სუპერ თასი, „აინტრახტის“ წინააღმდეგ).
კარლო ანჩელოტის შეგირდები „ვალდებებასზე“ 8 ივლისს შეიკრიბებიან და 2022/23 წ.წ. სეზონის მზადების პროცესში ჩაირთვებიან.
პრიმერა დივიზიონის განახლება 14 აგვისტოსაა ჩანიშნული, ხოლო ჩემპიონთა ლიგა სექტემბერის პირველ ნახევარში აიღებს სტარტს. როგორც დაგეგმილია, მსოფლიოს ჩემპიონატის გამო, ჯგუფური ეტაპის დასრულება უნდა მოხდეს ნოემბერში და არა დეკემბერში.
ყველაზე მასშტაბური სანაკრებო ფორუმი 18 დეკემბერს დაიხურება, რასაც რამდენიმე დღეში ლა ლიგის ტურიც მოჰყვება. უკვე იანვარში კი, ესპანეთის ჩემპიონატის პარალელურად, „ბლანკოსი“ ესპანეთის სუპერ თასისა და „კოპა დელ რეის“ ფერხულში ჩაებმება. „უეფას“ პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრები, ტრადიციისამებრ, თებერვალში შედგება.
რაც შეეხება მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს, არსებული მომენტისათვის ცნობილი არ არის აღნიშნული გათამაშების გამართვის თარიღი.
„მარკას“ გათვლით, შესაძლებელია, „რეალს“ მომდევნო სეზონში 70 პაექრობაში მოუწიოს მონაწილეობას მიღება, რაც არანორმალურ მოთხოვნებთან და სირთულესთან იქნება დაკავშირებული.
კლუბის წარმომადგენლებს მომდევნო დღეებში დიდი სამუშაოს წარმოება მოუწევთ, რათა მაქსიმალურად ნაყოფიერად მოხდეს ყველაფრის დაგეგმვა.
- 30 მაი 2022
- 3 247
- 12