კურტუას „ატლეტიკოს“ დახმარება სჭირდება
ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ 2 ტურია დარჩენილი.
გამომდინარე იქედან, რომ უკვე ცნობილია ტურნირის გამარჯვებულისა („რეალმა“ რამდენიმე კვირის წინ ოფიციალურად გაიფორმა) და მთავარი ბომბარდირის (ბენზემას ანგარიშზე 27 გოლია და 9-ით უსწრებს უახლოეს მდევარ იაგო ასპასს) ვინაობა, მთავარ გამოწვევად რჩება საუკეთესო მეკარის გამოვლენა.
არსებული მომენტისათვის, „ზამორას“ მოპოვების მთავარ ფავორიტად „სევილიას“ კარის დარაჯი ბონო ითვლება. ამ უკანასკნელმა 30 მატჩში მხოლოდ 23 გოლი გაუშვა, საშუალოდ 0,77. მას ფეხდაფეხ მიჰყვება ტიბო კურტუა, რომლის უკანაც 35 შეხვედრაში 29-ჯერ შეარხიეს ბადე, საშუალოდ 0,83.
როგორც ცნობილია, ბელგიელი ფეხბურთელი ამ უქმეებზე „კადისის“ წინააღმდეგ არ იასპარეზებს და საქმეში მხოლოდ ბოლო ტურში ჩაერთვება „ბეტისთან.“ თუ მან „მწვანეებს“ გოლის გატანის საშუალება არ მისცა, მაშინ, „ატლეტიკოსა“ და „ატლეტიკის“ დახმარება დასჭირდება, ვინაიდან ანდალუსიელებს სწორედ აღნიშნულ კლუბებთან რჩებათ შეხვედრები ჩასატარებელი. იმისათვის, რომ ეს ინდივიდუალური ჯილდო მადრიდში წამოვიდეს, ბონოს 2 დაპირისპირებაში 3 გოლის გაშვება მართებს.
კურტუას იმედი აქვს, ყოფილი თანაგუნდელები არ დაინდობენ მაროკოელ გოლკიპერს.
- 14 მაი 2022
- 1 193
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.