რა სურს მარსელოს?
ბრაზილიელ ფეხბურთელს რამდენიმე კვირაში ეწურება მოქმედი კონტრაქტი.
როგორც „მარკასთვის“ გახდა ცნობილი, მარსელოს სურვილია, კიდევ 1 წელი დარჩეს სამეფო კლუბის შემადგენლობაში, სადაც ის 2007 წლიდან ასპარეზობს. განაპირა მცველის 18 წლის ასაკში გადმობარგდა ესპანეთის დედაქალაქში და ამჟამად, კლუბის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშის სტატუსს ატარებს.
მიმდინარე სეზონში მარსელომ მხოლოდ 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მას „ჩელსისთან“ საპასუხო შეხვედრის დამატებით ტაიმებში მოუწია საქმეში ჩართვა და მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე შემოსვლიდან მალევე დისკომფორტი იგრძნო კუნთზე, მსაჯის საფინალო სასტვენამდე უშეღავათოდ იბრძოდა.
ამ ეტაპისათვის ცნობილი არ არის „რეალის“ პოზიცია კაპიტანთან დაკავშირებით. დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ მოხდება არსებული სიტუაციის შეჯამება. ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი ბეილი და ისკო აპრიორი ტოვებენ „ბლანკოსის“ რიგებს, ხოლო მოდრიჩი კი უკვე შეუთანხმდა ხელმძღვანელობას ხელშეკრულების განახლებაზე.
დარჩენის შემთხვევაში, 33 წლის ფეხბურთელის სათამაშო წუთები კიდევ უფრო შემცირდება, ვინაიდან, უკვე ფაქტრობრივად გადაწყვეტილია ანტონიო რუდიგერის ტრანსფერი, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების ჟამს, მენდის ადგილს ალაბა დაიკავებს ფრთაზე, ან მიგელ გუტიერესი, რომელმაც მძიმე ტრავმა მოიშუშა და მზად არის კონკურენციისათვის.
მარსელოსადმი დიდ ინტერესს გამოხატავენ ბრაზილიური გუნდები.
- 11 მაი 2022
- 5 864
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.