ნაჩო და „რეალი“ შეთანხმდნენ
„რეალის“ ყველაზე ერთგული ჯარისკაცი აგრძელებს ისტორიის წერას.
„მარკას“ ინფორმაციით, კლუბი და ფეხბურთელი შეთანხმდნენ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე და შედეგად, ნაჩო 2024 წლის 30 ივნისამდე მოირგებს თეთრ მაისურს. ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი გაისად ეწურებოდა და სასიხარულოა, რომ ის კიდევ ერთი წლით დარჩება მშობლიურ კლუბში, სადაც პირველი ნაბიჯები 2001 წელს გადადგა.
ფერნანდესის შესაძლებლობებით არა ერთი უცხოური გუნდი იყო დაინტერესებული, თუმცა, როგორც ყოველთვის, მისი პრიორიტეტი მადრიდში დარჩენა და საჭიროების შემთხვევაში თანაგუნდელებისათვის დახმარების გაწევაა.
მიმდინარე სეზონში ნაჩომ 2279 წუთი გაატარა საქმეში და სათამაშო დროის კომპონენტში, ანჩელოტის შემადგენლობაში მე-13 ფეხბურთელია. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისათვის ის 3 გოლს მოითვლის და ერთის დამატების შემთხვევაში, შედეგიანობის თავისივე რეკორდს გაიმეორებს (2017/18 წ.წ. სეზონის).
ბოლო პერიოდის განმავლობაში უნივერსალური მცველის გვარი სულ უფრო ხშირად ესმით გულშემატკივრებს. ტრავმიანობისა და დისკვალიფიკაციის ფონზე, სეზონის გარდამტეხ პერიოდში, მას მეტად ნიშანდობლივ შეხვედრებში მოუწია ასპარეზობა და რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე მოწოდების სიმაღლეზე გამოიყურებოდა. მან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა „სანჩეს პისხუანზე“ „სევილიას“ წინააღმდეგ.
ნაჩო ფერნანდესი „რეალთან“ ერთად 19 ტიტულს მოითვლის. 28 მაისს კი დიდებული შანსი ექნება, კიდევ ერთი ოქროს მედალი შემატოს კაბინეტს.
- 10 მაი 2022
- 843
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.