ჩემპიონობა როტაციის ფონზე?
„რეალს“ ჩინებული შანსი აქვს პრიმერა დივიზიონის 34-ე ტურში გაინაღდოს ჩემპიონის ტიტული. ამისათვის, ანჩელოტის შეგირდებს მხოლოდ და მხოლოდ 1 ქულის აღება მართებთ „ესპანიოლთან“ შეხვედრაში.
ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო პაექრობის, ტრავმიანობისა და დისკვალიფიკაციების გათვალისწინებით, იტალიელი დამრიგებელი მეტად გადახალისებულ თერთმეტეულს დაუპირისპირებს კატალონიელებს.
როგორც იცით, ნაჩო და მილიტაო ყვითლების გამო გამოტოვებენ მომავალ შეხვედრას, ხოლო ალაბა ლაზარეთში იმყოფება. დიდი ალბათობით, დაცვის ცენტრში დიდი ხნის უნახავ ხესუს ვალეხოს ვიხილავთ, რომელსაც ან ახალგაზრდა კასტილიელი რაფა მარინი შეუწყვილდება, ან დანიელ კარვახალი. ფრთებზე კი მარსელოსა და ლუკას ვასკესს მიეცემათ თავის გამოჩენის საშუალება.
ნახევარდაცვის კონტროლს საკუთარ თავზე აიღებს სებალიოსის, ვალვერდესა და კამავინგას ტრიო. რაც შეეხება შეტევას, სავარაუდოდ, ბენზემა კვლავ საქმეში იქნება, ხოლო მარჯვნიდან და მარცხნიდან, შესაბამისად, ასენსიო და როდრიგო იმოქმედებენ.
„მანჩესტერ სიტისთან“ მეტად ნიშანდობლივი პაექრობის წინ, სრულად დასვენების საშუალება მიეცემათ მოდრიჩს, კროოსსა და ვინისიუსს.
- 29 აპრილი 2022
- 904
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.