ბენზემამ პირადი რეკორდი გააუმჯობესა
სამეფო კლუბმა მორიგი დიდებული შეხვედრა ჩაატარა და ამჯერად, მადრიდელების მსხვერპლი „სევილია“ გახდა. პირველი ტაიმის მიხედვით, „რეალი“ 2-0 აგებდა „სანჩეს პისხუანზე,“ თუმცა შეხვედრა „თეთრების“ გამარჯვებით 2-3 დასრულდა და ვინ გამოდგა გამარჯვების გოლის ავტორი, თუ არა კარიმ ბენზემა.
მიმდინარე სეზონში ფრანგს თავდამსხმელს უკვე 25 შედეგიანი დარტყმა დაუგროვდა ლა ლიგის მასშტაბით, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. „ცხრიანმა“ გააუმჯობესა 2015/16 წლების სეზონის შედეგი, როდესაც მან 24-ჯერ დაამწუხრა მოწინააღმდეგე.
ამასთანავე, საერთო ჯამში კარიმი უკვე 217 გოლს მოითვლის პრიმერა დივიზიონში, რაც უკვე 1-ით მეტია ალფრედო დი სტეფანოს მიღწევაზე. „რეალის“ მაისურით აღნიშნულ ტურნირზე უფრო მეტჯერ მხოლოდ რაულსა (228) და რონალდუს (311) გამოუჩენიათ თავი.
სეზონის დასრულებამდე კიდევ 6 ტურია დარჩენილი. ბენზემას შეუძლია კიდევ უფრო გააუმჯობესოს სტატისტიკა.
- 18 აპრილი 2022
- 866
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.