მოდრიჩი - განახლების დროა!
ალბათ, მოდრიჩის თამაშის შემხედვარე არავის რჩება შთაბეჭდილება, რომ საქმე გვაქვს ვეტერან ფეხბურთელთან, რომელსაც რამდენიმე თვეში 37 წელი შეუსრულდება.
„ოქროს ბურთის“ მფლობელმა ნახევარმცველმა კიდევ ერთი საოცარი შეხვედრა ჩაატარა. გარდა ბრწყინვალე საგოლე გადაცემისა, რომელიც როდრიგომ ნაყოფიერად გამოიყენა, ლუკა 120 წუთის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოლა მწვანე მინდორზე. ხორვატი „რეალის“ შემადგენლობაში მეორე მოთამაშე გახდა, ვინც „ჩელსის“ წინააღმდეგ ყველაზე მეტი მანძილი დაფარა - 13.72 კმ (პირველი ფედე ვალვერდე - 14.01 კმ.). ამასთანავე, მან ყველაზე მეტი ზუსტი პასი შეასრულა თანაგუნდელებს შორის - 65.
მიმდინარე სეზონში ბენზემასა და ვინის შემდეგ, მოდრიჩმა ყველაზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა. სეზონის დასრულებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მის აქტივშია 3 შედეგიანი დარტყმა და 9 ასისტი. მისი სათამაშო დრო კი 2886 წუთს შეადგენს (მე-7 მაჩვენებელი გუნდში).
ახლა ყველაზე მთავარია ლუკიტას კონტრაქტის საკითხი. როგორც იცით, 30 ივნისს ეწურება ესპანეთის დედაქალაქში ყოფნის ვადა, თუმცა მისი სურვილია, რომ კიდევ 1 წელი დაუკავშიროს „ბლანკოსს“ და მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე „რეალის“ ფეხბურთელის რანგში წარსდგეს. იმედია, კლუბი და მოთამაშე უახლოეს მომავალში შეთანხმდებიან ტექნიკურ დეტალებზე, რათა გულშემატკივრებს მისი ასპარეზობის ცქერის სიამოვნება გაუხანგრძლივდეთ.
- 13 აპრილი 2022
- 1 306
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.