ანჩელოტი: „რთულია იმის თქმა, რომ „რეალს“ არ შეუძლია ამის გაკეთება“
კარლო ანჩელოტიმ „ჩელსისთან“ ჩატარებული განმეორებითი დაპირისპირება შეაჯამა.
„ჩვენ გავედით შემდეგ ეტაპზე, ვინაიდან ვაჩვენეთ სათანადო ენერგია, განსაკუთრებით თამაშის მიწურულს და ამის წყალობით მოვახერხეთ სასურველი ანგარიშის დაფიქსირება. ყველა მოთამაშე ფეხზე იდგა, ნამდვილად რთული საღამო გამოდგა. ჩვენ არ ვიმსახურებდით 0-2 წაგებას. გამომდინარე იქედან, რომ გვაკლდა ედერ მილიტაო, მეტად გაგვიჭირდა თამაში სტანდარტული მდგომარეობების დროს. ედერი ამ საქმეში საუკეთესოა. გუნდს არ ჰქონდა გოლების გატანის სურვილი და პირველი 2 ბურთის მიღების შემდეგ, დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოვექეცით. დანარჩენის ახსნა კი არ შემიძლია. ამ სტადიონის მაგიურობა ეხმარება ფეხბურთელებს, რომ არასდროს დანებდნენ.“
„მატჩის არცერთ მონაკვეთში არ მიფიქრია, რომ ჩვენ ვერ გავიდოდით შემდეგ ეტაპზე, რადგან „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ვასპარეზობდით. ძნელია იმ ემოციის სიტყვებით გადმოცემა, რასაც ადგილობრივი გულშემატკივრები გაძლევენ. მათი მხურვალე ქომაგობა მთელს გუნდს დაეხმარა. რაც შეეხება კარვახალს, მან ძალიან კარგად გაართვა თავი ცენტრალური მცველის ამპლუას. ნახევარფინალში გასვლით ბედნიერი ვარ.“
„ტუხელი ძალიან გაღიზიანებული იყო, მე კი ვუთხარი, რომ ღირსეული გუნდი ჰყავს. ჩვენ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და წარმატებები ვუსურვეთ.“
„მსგავს დროს სიმშვიდის შენარჩუნება მმართებს, რათა გადაწყვეტილებები ცივ გონებაზე მივიღო. მე გავაკეთე ცვლილებები, რათა მეტი ენერგია მიმეცა გუნდისათვის. თამაშიდან მომიწია ნაჩოსა და ვინის ჩახსნა, მათ აღარ შეეძლოთ ბურთაობის გაგრძელება. ბენზემას ყველაფერი რიგზე აქვს. „ჩელსის“ მთელი 90 წუთის განმავლობაში დიდი ძალისხმევა დახარჯა პრესინგზე და შესაბამისად, დამატებით ტაიმებში ჩვენზე მეტად დაღლილები იყვნენ.“
„რთულია იმის თქმა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ჩ/ლიგის მოგება. „რეალს“ ბოლო წუთამდე ძალუძს ბრძოლა და ეს ყველამ დაინახა. ვულოცავ „ვილიარეალსა“ და უნაი ემერის შესანიშნავ წარმოდგენას. ვფიქრობ, ბევრი არ ელოდებოდა 2 ესპანურ გუნდს ტურნირის ნახევარფინალში. არ არის გამორიცხული კიდევ ერთი დაგვემატოს, ვნახოთ.“
„როდესაც როდრიგო გამოდის მოედანზე, მას შეუძლია გარდატეხის შეტანა. ეს არა ერთხელ გაუკეთებია. ბრაზილიელი ჯერ ახალგაზრდაა და დრო სჭირდება განვითარებისათვის. მოხარული ვარ მისი ბურთაობით.“
„კამავინგას გამოჩენამ ხარისხი და დამატებითი ენერგია შეგვმატა. მას აქვს პოტენციალი სასტარტო შემადგენლობით დაიწყოს თამაში, თუმცა როდესაც სათადარიგოდან ერთვება, დიდ გავლენას ახდენს შეხვედრის მიმდინარეობაზე. “
- 13 აპრილი 2022
- 3 397
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.