„ჩელსი“ პირველად იასპარეზებს „ბერნაბეუზე“
„ჩელსი“ ერთადერთი ევროპული გრანდია, რომელსაც ლეგენდარულ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ არასდროს უასპარეზია.
ლონდონელებისა და მადრიდელების მეტოქების ისტორია მატჩებით დახუნძლული ნამდვილად არ არის. ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში, მათი გზები მხოლოდ შარშან გადაიკვეთა, ნახევარფინალურ სტადიაზე, თუმცა საშინაო არენაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, „თეთრებმა“ „ალფრედო დი სტეფანოზე“ უმასპინძლეს მეტოქეს. შესაბამისად, „არისტოკრატებმა“ საუკეთესო საფეხბურთო სტადიონზე თამაშის გამოცდილება ვერ მიიღეს, თუმცა სამშაბათს ექნებათ ამის საშუალება.
ტუხელის შეგირდები მეტად რთული ამოცანის წინაშე არიან. მათ 3 ბურთიანი სხვაობით მართებთ გამარჯვების მოპოვება, რათა შემდეგ ეტაპზე გასვლა გაინაღდონ. აღსანიშნავია, რომ აქამდე, მადრიდში, მხოლოდ ორჯერ მოახერხეს სტუმრებმა მსგავსი ჰანდიკაპით „რეალის“ ძლევა. 3 წლის წინ, ამსტერდამში წაგებული თამაშის შემდეგ (1-2), „აიაქსმა“ შეძლო განმეორებით პაექრობაში სასურველი ანგარიშის დაფიქსირება (1-3), ხოლო ამავე სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, „ბლანკოსმა“ სენსაციური წაგება იწვნია ოკუპანტი ქვეყნის კლუბთან („ცსკ“-სთან 0-3).
ბებერი კონტინენტის დიადი გუნდებიდან, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ყველაზე მეტ ვიზიტს მიუნხენის „ბაიერნი“ (13) და „იუვენტუსი“ (9) მოითვლიან.
- 11 აპრილი 2022
- 879
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.