ლუკა მოდრიჩი:„შესაძლოა კიდევ რამდენიმე წელი ვითამაშო“
ლუკა მოდრიჩმა ჟურნალთან მიცემულ ინტერვიუში სამომავლო გეგმებსა და მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
„ჯერ-ჯერობით არ გადამწყვეტია, როდის დავასრულებ კარიერას შესაძლოა ეს იყოს 40 წლის შემდეგ, ან ოდნავ ადრე. თავს კარგად ვგრძნობ, როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური თვალსაზრისით. სიამოვნებას ვიღებ იმით, რაც ხდება და მჯერა, რომ მადრიდის „რეალში“ დიდი წარმატების მიღწევა შემიძლია. ვცდილობ, შევინარჩუნო ფიზიკა და „მერენგებში“ არსებული მოთხოვნები დავაკმაყოფილო. ბევრს ვვარჯიშობ, როგორც საწვრთნელ ბაზაზე, ასევე მის გარეთ, რადგან საფეხბურთო თვალსაზრისით ასაკში ვარ და მეტი მუშაობა მჭირდება.“
„ვიცი, რომ ადრე თუ გვიან კარიერის დასრულება მომიწევს, მაგრამ მომავალი ისედაც მოვა. მსურს, აწმყოს ვუყურო და მაქსიმალურად დავიხარჯო საკუთარი კლუბის წარმატებისთვის. ამ ასაკში არ იცი, როდის ვეღარ შეძლებ თამაშს. მე მჯერა საკუთარი შესაძლებლობების და გამოცდილების, ამიტომ მშვიდად ვარ.“
„მადრიდში გადმოსვლის დღიდან გულშემატკივრების საოცარ სიყვარულს ვგრძნობდი, რაც ადაპტაციაში დამეხმარა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს მარტივი იყო. გრძელი და პრობლემებით სავსე გზა გავიარე, მაგრამ საბოლოო ჯამში მივიღე შედეგი, რომელიც საოცნებოა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ სამეფო კლუბში ამდენს მოვახერხებდი, გასული წლები ჩემთვის ყოველთვის დაუვიწყარი იქნება.“
„ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც „რეალმა“ „ლა დესიმა“ მოიგო. ფინალში გავედით და ყველა ამ დაპირისპირებაზე საუბრობდა. 12 წლიანი ლოდინის შემდეგ სამეფო კლუბის გულშემატკივრებს უდიდესი მოლოდინი ჰქონდათ. ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა, მაგრამ „ბლანკოსის“ ყველა ფეხბურთელი შემართული იყო და გამარჯვებისთვის ბოლომდე ბრძოლას გეგმავდა.“
„ამ ეტაპზე სამეფო კლუბთან ახალ კონტრაქტზე საუბარი არ მსურს, რადგან ახლა გუნდი მომდევნო მატჩებზე ფიქრობს და არა ხელშეკრულებებზე. არარეთხელ მითქვამს, რომ ჩემი ოცნება „რეალში“ რაც შეიძლება დიდხანს თამაშია. მე აქ ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვირიცხები. დავასრულებ თუ არა კარიერას ბერნაბეუზე? ვნახოთ, ამაზე ახლა ზუსტი პასუხის გაცემა რა თქმა უნდა არ შემიძლია.“
„ანჩელოტი არის ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც ძალიან მარტივია. ის ყოველთვის მშვიდად გმაოიყურება, რაც ფეხბურთელებსაც გადაეცემათ. იტალიელის აღელვება ფაქტობრივად გამორიცხულია. ის არის ტაქტიკურ განსწავლული მწვრთნელი, რომელმაც შესანიშნავად იცის კონკრეტული დაპირისპირებისთვის მომზადება, ასევე საოცრად ეხერხება ახალგაზრდებთან ურთიერთობა. როდესაც კარლო საუბრობს, მთელი გუნდი ყურადღებით უსმენს, რადგან ის ყოველთვის დეტალებზეა კონცენტრირებული და ორიენტირებული.“
„კაზემირო და კროოსი? მათთან ერთად წლების განმავლობაში უდიდესი გამოცდილება მივიღე. ჩვენ საოცარი ტრიო შევქმენით და ერთმანეთს ყოველთვის უსიტყვოდ ვუგებდით. მჯერა, რომ მათთან ერთად თამაშს კიდევ შევძლებ, თანაც წარმატებით. როდესაც ტონი ბურთს მიიღებს, ის ყოველთვის ჭკვიანურად მოიქცევა და მომდევნო გადაცემა გუნდისთვის სასიკეთო იქნება, გერმანელი ოსტატია და სიტუაციის შეფასება ბრწყინვალედ ეხერხება. რაც შეეხება კაზემიროს, ბრაზილიელი ფეხბურთელის ფიზიკური ძალა, შემართება და მოედნის ხედვის უნარი აუცილებლად აღსანიშნავია. როდესაც უკან კარლოს ენრიკეს, წინ მშვიდად მივდივარ.“
„მბაპეს „რეალში“ ტრანსფერი? გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაში არასდროს ჩავრეულვარ. მე არ ვიცი, რას აპირებს სამეფო კლუბი, მაგრამ რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ „მერენგების“ რიგები მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებმა შეავსონ, კილიანი ნამდვილად არის თვალსაჩინო ფიგურა.“
„ვინ იქნება ჩემი მემკვიდრე ხორვატიის ნაკრებში? ვფიქრობ, ეს ადამიანი მატეო კოვაჩიჩია, რომელმაც კარიერაში არნახული გამოცდილება დააგროვა. მატეო თამაშობდა „რეალში“ და „ინტერში“, ახლა კი ლონდონის „ჩელსის“ ღირსებას იცავს და ძალიან ჭკვიან ფეხბურთელად მივიჩნევ. კოვაჩიჩი ჩემი მეგობარია და მჯერა, რომ კიდევ ბევრს მიაღწევს.“
„მომავალი საქმიანობა? არ ვიცი, ვიქნები თუ არა მწვრთნელი, სიმართლე გითხრათ, ამაზე ჯერ არ მიფიქრია, რადგან საკუთარ თავს ფეხბურთელის რანგში ვხედავ.“
„ზვონიმირ ბობანი ჩემი კუმირი იყო. მას დღემდე მადლობას ვეუბნები ყველაფრისთვის, რასაც ფეხბურთისთვის აკეთებდა. მაშინდელი თაობა ნამდვილად დიდ ყურადღებას იპყრობდა. როდესაც ბობანი პირველად ვნახე, დიდი ემოციები დამეუფლა, რადგან ჩემი ოცნება ახდა.“
„სხვა კუმირები? ფრანჩესკო ტოტის თამაშის სტილი ძალიან მიზიდავდა. როდესაც „რომას“ ლეგენდა ვნახე, მაისურის გაცვლა ვთხოვე, რადგან ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ფრანჩესკოს დიდ პატივს ვცემ და მსოფლიოს კაშკაშა ვარსკვლავად მივიჩნევ, რომელმაც იტალიური ფეხბურთის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.“
- 8 თებერვალი 2022
- 1 488
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.