მაურინიოს “კანტერანოსები”
როგორც ცნობილი გახდა, ჟოზე მაურინიო მომსამზადებელ ეტაპზე 8 “კანტერანოსს” წაიყვანს. ამ სტატიაში შევეცდები თითოეული მათგანზე გარკვეული ინფორმაცია მოგაწოდოთ.
მაურინიოს “ახალგაზრდულ” სიაში შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ: დანიელ კარვახალი, ნაჩო ფერნანდესი, ფრან რიკო, ალექს ფერნანდესი, მარკოს ტებარი, ხოსელუ, ალვარო მორატა და დენის ჩერიშევი.
აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ვარჯიშებზე ჯერჯერობით არ მიიწვია “კასტილიას” რამდენიმე ლიდერი: მარკოს ალონსო, ხუან კარლოსი, პაბლო სარაბია, როდრიგო და ხუანფრანი.
რაც შეეხებათ ჟოზეს რჩეულებს.
1. დანიელ კარვახალი (11/01/1992. მარჯვენა მცველი) კარვახალმა გასული სეზონი იუვენილ ა-ს რიგებში გაატარა. დანი “ლეგანესის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. თავის დროზე იყო ესპანეთის 15- და 17-წლამდელთა ნაკრების უცვლელი წევრი. კარვახალს გასულ სეზონში დებიუტი ჰქონდა “რეალ მადრიდ ცე”-ს რიგებში, სადაც 4 მატჩი ჩაატარა. დანის დაცვის მარცხენა ფლანგზეც შეუძლია ასპარეზობა, თუმცა, სპეციალისტთა მტკიცებით, მარჯვენა ფლანგზე ის გაცილებით ნაყოფიერია.
2. ნაჩო ფერნანდესი (18/01/1990. ცენტრალური/მარცხენა მცველი) ნაჩო ფერნანდესი “კასტილიას” დაცვის ლიდერად გასულ სეზონში ჩამოყალიბდა. ფეხბურთელი თანაბარი წარმატებით ასპარეზობს ამავე ამპლუის მარცხენა ფლანგზე. “კასტილიას” მწვრთნელთა ვარაუდით, ნაჩოს მთავარი იარაღი მისი ტაქტიკური განსწავლულობაა. ფერნანდესმა გასულ სეზონში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, თუმცა მისი უმთავრესი ფუნქციის შესრულებაც კარგად რომ გამოსდის, ესეც ფაქტია.
3. ალექს ფერნანდესი (15/10/1992. შემტევი ნახევარმცველი) ნაჩოს უმცროსი ძმა, ალექსი ასევე მოხვდა ჟოზე მაურინიოს სიაში. ალექსი თავის დროზე “ალკალას” ბავშვთა გუნდში ირიცხებოდა, თუმცა “რეალმა” ის და მისი ძმა ერთდროულად გადმოიყვანა “სამეფო კლუბის” ახალგაზრდულ გუნდებში. ასპარეზობდა ესპანეთის 17- და 19-წლამდელთა ნაკრებებში. ალექსი საკმაოდ ტექნიკური შემტევი ნახევარმცველია. გასულ სეზონში იუვენილ ა-ს რიგებში ესპანეთის ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა. სეზონი წარმატებული გამოვიდა ინდივიდუალური თვალსაზრისითაც: ფერნანდესმა 32 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 10 გოლი და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.
4. ფრან რიკო (03/08/1987. საყრდენი ნახევარმცველი) ფრან რიკო “რეალმა” 2008 წელს გადაიბირა “პონტევედრადან”, თუმცა ფეხბურთელმა “კასტილიას” პირველივე ოფიციალურ თამაშში უმძიმესი ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლომდე მომჯობინება ვერ მოახერხა. გასულ სეზონში კი ის გუნდს დაუბრუნდა და მოედნის ცენტრში ლიდერის ფუნქციებიც იტვირთა. ფრანი საკმაოდ კარგად ასრულებს სტანდარტებს, აქვს ძალიან კარგი შორეული დარტყმა. ამას გარდა გამოირჩევა უზადო პასებით. “რეალის” სარეზერვო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალეხანდრო მენენდესმა, მას საინტერესო მეტსახელიც მოუძებნა: “კასტილიას გუტი”.
5. მარკოს ტებარი (07/02/1987. საყრდენი ნახევარმცველი) მარკოს ტებარი გასულ სეზონში მოსამზადებელ ეტაპზე მანუელ პელეგრინიმაც იახლა. მარკოსი”რეალის” ბავშვთა გუნდებში 1998 წლიდან ასპარეზობს. ახასიათებს ოდნავ ხისტი თამაში, მიუხედავად ამისა, ყვითელი ბარათების სიუხვით არ გამოირჩევა. ძალიან კარგად აზღვევს მცველებს. შეუძლია ასპარეზობა ცენტრალური მცველის პოზიციაზეც. 2005-06 და 2009-2010 წ.წ. სეზონებში არენდის წესით ასპარეზობდა ჯერ “რაიო ვალეკანოში”, შემდეგ კი “ხირონაში”. “რეალის” მთავარი გუნდის რიგებში დებიუტი გასულ სეზონში ჰქონდა, “ოსასუნას” წინააღმდეგ.
6. ხოსელუ (27/03/1990. თავდამსხმელი) ხოსელუ “რეალმა” გასულ სეზონში გადაიბირა, თუმცა ფეხბურთელი ერთწლიანი არენდით მშობლიურ “სელტაში” დატოვეს. ხოსე ლუის სანმარტინ მატო (მისი სრული სახელი ასე ჟღერს) ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების წევრიცაა (4 მატჩი, 1 გოლი). 2008 წლიდან ასპარეზობს “სელტას” მთავარ გუნდში. ამ ორი სეზონის მანძილზე მან სეგუნდა დივიზიონში 26 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანა მოახერხა. ხოსელუ ე.წ. “ტარანის ტიპის” ცენტრალური თავდამსხმელია. გამოირჩევა თავით კარგი თამაშით. მისი სიმაღლე 190 სმ-ია. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის შეძენას გასულ სეზონში “ბარსელონაც” ცდილობდა.
7. ალვარო მორატა (23/10/1992. თავდამსხმელი) “რეალ მადრიდ ცე”-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გასულ სეზონში 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ასპარეზობს ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრებში (4 მატჩი, 3 გოლი). გასულ სეზონში “იუვენილ ა”-დან “რეალის” მესამე გუნდში გადაიყვანეს. ტერსერა დივიზიონში (ესპანეთში რანგით მეოთხე) ალვარომ 19 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. მორატას ხშირად ადარებენ რაულს. ისიც, გონსალესის მსგავსად, “ატლეტიკოს” ბავშვთა გუნდებში ასპარეზობდა.
8. დენის ჩერიშევი (15/02/1990. უკანდახეული თავდამსხმელი/მარცხენა ნახევარმცველი) წარსულში მეტ-ნაკლებად ცნობილი რუსი ფეხბურთელის, დმიტრი ჩერიშევის შვილის პროგრესი აშკარაა. დენისი “რეალ მადრიდ ცე”-ს ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. შესანიშნავად ასპარეზობს როგორც “მეორე ფორვარდის”, ასევე მარცხენა გარემარბის პოზიციაზე. აქვს ესპანეთის მოქალაქეობა. 2006-07 წლებში თამაშობდა რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებში. გასულ სეზონში ჩაატარა 29 მატჩი, გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 11 საგოლე გადაცემა. საკმაოდ ტექნიკურ ფეხბურთელს შანსი აქვს გახდეს პირველი რუსი მოთამაშე “რეალის” ისტორიაში.
ინფორმაციის წყაროები: RealMadrid.Com & Defensacentral.com
- 18 ივლისი 2010
- 2 259
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.