ანჩელოტი:„აზარის წასვლა? არჩევანში ყველა თავისუფალია“
კარლო ანჩელოტიმ „ელჩესთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებული ვითარება მიმოიხილა...
„მსურს, პრესკონფერენცია პაკო ხენტოს საკითხით დავიწყო. „რეალის“ მწვრთნელობის პირველ ეტაპზე მასთან შეხვედრის ბედნიერება რამდენჯერმე მქონდა, მეორე ეტაპზე კი არა, რასაც არსებული რეალობა განაპირობებდა. ის ჩვენს გულებში იქნება. პაკომ შექმნა დაუვიწყარი ისტორია და მადრიდელებს საოცარი წლები აჩუქა.“
„„ელჩეს“ ბოლო დროს ძალიან კარგი დინამიკა აქვს, ამიტომ სერიოზული ყურადღების გამოჩენა გვმართებს. ჩვენ მნიშვნელობას ვანიჭებთ სამეფო თასს და გვსურს, რომ ამ ტურნირის ფინალში მოვხვდეთ. კურტუა არ გვეყოლება, ასევე ჩემს განკარგულებაში არ იქნებიან კარვახალი, ასენსიო და ვალიეხო, თუმცა ვეცდებით, საუკეთესო თერთმეტეული ჩამოვაყალიბო.“
„აზარი ვარჯიშობს და შანსს ელოდება. მე ყოველთვის იმ ფეხბურთელებს ვარჩევ, რომლებიც ყველაზე კარგად არიან მზად. სულ ეს არის, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მოედანზე გასვლა „რეალის“ ყველა ფეხბურთელს სურს. თუ ბელგიელს გამოვიძახებ, ის მზად იქნება გამოწვევის მისაღებად.“
„ედენის წასვლა? თუ მას წასვლა სურს, ყველა ვალდებულია არჩევანს პატივი სცეს, მაგრამ მე ახლა „ელჩესთან“ მატჩზე ვსაუბრობ და არა სატრანსფერო ფანჯარაზე.“
„იანვარში სხვა გუნდში გადასვლა? უკვე გითხარით, რომ ის ვარჯიშობს „ბლანკოსთან“ ერთად და შანსს ელის. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში.“
„კურტუა რამდენიმე დღით გამოგვაკლდება. ვერ გეტყვით მიზეზს, ვინაიდან ეს პირადი საკითხია.“
„ბეილი 100%-ით მზად არის, ის ესპანეთის სუპერთასზე ჩვენთან ერთად არ იყო, მაგრამ ყოველდღიურ რეჟიმში ვარჯიშობდა და ემზადებოდა. როგორც უკვე გითხარით, გარეთის გამოყენება შეგვიძლია.“
„ვინისიუსს საკმაოდ ბევრი სათამაშო წუთი აქვს, მაგრამ დაღლილი ნამდვილად არ არის. თუ ბრაზილიელთან ტრავმის რისკს შევამჩნევ, აუცილებლად დავასვენებ, თუმცა ახლა რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. თუ ვინი 2 თვეში დაიღლება, მაშინ მივცემ დასვენების საშუალებას.“
„როტაცია? ვნახოთ, ჯერ-ჯერობით სასტარტო შემადგენლობაზე არ ჩამოვყალიბებულვარ. მე შევაფასებ იმ ფეხბურთელთა მდგომარეობას, რომლებმაც „ბილბაოს“ წინააღმდეგ ფინალში ითამაშეს.“
„ჩვენი მიზანი „ელჩესთან“ დაპირისპირება მხოლოდ გამარჯვებაა, ამიტომ ვეცდები, დაბალანსებული და კარგად ორგანიზებული კოლექტივი გავიყვანო მინდორზე.“
„გუნდში ძალიან პოზიტიური ატმოსფეროა შექმნილი. არასდროს არცერთ ფეხბურთელთან არ მქონია პრობლემა და მომავალშიც ასე იქნება. რატომ? იმიტომ, რომ აქ დიდი პროფესიონალები თამაშობენ, რომელთა ყურადღებაც მხოლოდ კარგად ვარჯიშს და შემდეგ სესიის შედეგების მოედანზე გადატანას ეთმობა. მადრიდის „რეალის“ ყველა წევრი ჩემში დიდ პატივისცემას იწვევს.“
„ისევ აზარზე მეკითხებით. არ ვიცი, მას სთხოვეს თუ არა რომ არ გაეკეთებინა ოპერაცია სამომავლო გაყიდვის მიზნით. ჩემთან ამაზე საუბარი არ ყოფილა.“
„ვიმედოვნებ, ბეილისთვის და ედენისთვის სეზონის მეორე ნახევარი ბევრად წარმატებული იქნება. მათ ჰქონდათ მძიმე მომენტები, მაგრამ გამოცდილებას ვერავინ წაართმევს. ბელგიელი თვენახევარზე მეტია შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციაშია და დაზიანებები არ აწუხებს, მას შეუძლია მომატება. რაც შეეხება ბეილს, მან „ბლანკოსთან“ ერთად დიდი გამოცდილება დააგროვა და მჯერა, რომ ბევრად ხარისხიანი ფეხბურთის თამაში შეუძლია.“
- 19 იანვარი 2022
- 1 565
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.