ბენზემა:„გაუმჯობესებაზე აღარ ვფიქრობ, ახლა ჩემი საზრუნავი ამ დონეზე დიდხანს ყოფნაა“
კარიმ ბენზემა საფრანგეთში 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. აღნიშნული ჯილდოს მიღებასთან დაკავშირებით მადრიდისტამ ვრცელი და მრავლისმომცველი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც საკმაოდ საინტერესო საკითხებზე გაამახვილა ყურადღება...
„ჩვენ ფეხბურთს 90 წუთის განმავლობაში დიდი ინტერესით აღარ ვუყურებთ და მხოლოდ ლამაზი მომენტების ნახვაზე ვაკეთებთ აქცენტს, რაც ძალიან ცუდია. ქომაგებმა ამ სპორტით უდიდესი სიამოვნება უნდა მიიღონ და ყოველი წამით დატკბნენ. მოთამაშის შეფასება არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ გატანილი გოლის, საგოლე გადაცემის და ეფექტური ფინტების მიხედვით, ვინაიდან ფეხბურთში არის ბევრად მეტი სასიცოცხლო მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც გუნდს გამარჯვების მიღწევაში ეხმარება.“
„თუ ბურთი სხვას აქვს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიქცე და მას სივრცე მისცე. თუ პასის გაკეთება აუცილებელია, შენ აუცილებლად მიიღებ ბურთს, თუმცა ოპტიმალური პოზიციის შერჩევა გმართებს. როდესაც ბურთი მე მაქვს, მაქსიმალურად ვცდილობ, საუკეთესო გამოსავალი ვიპოვო და ისეთ ფეხბურთელს გადავაწოდო, რომელიც სიტუაციის გამწვავებას შეძლებს. ფეხბურთი ელეგანტური და ლამაზი სპორტია, რომელიც არასდროს უნდა შეიცვალოს.“
„იდეალური „9“-იანი არის ის, ვისაც გოლის გატანის გარდა ბევრი რამ შეუძლია. დღევანდელ ფეხბურთში მხოლოდ კარისკენ არ უნდა იყურო. საჭიროა მეტი მობილურობა და თანაგუნდელების დახმარება.“
„შესაძლოა ბურთს დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში არ შევეხო და სიტუაცია ისე გავაანალიზო. ხანდახან მცველებსაც ვეხმარები. არის მომენტები, როდესაც 3-4 შეხებით დაცვიდან ბურთი შეტევაში მიგვაქვს და საბოლოო ჯამში გოლს ვიტანთ.“
„როდესაც რონალდუ „რეალში“ ასპარეზობის დროს სეზონში 50 და 60 გოლს იტანდა, ჩემი ფუნქცია მხოლოდ მისი დახმარება და საჭიროების შემთხვევაში თამაშის საკუთარ თავზე აღება იყო. პორტუგალიელის წასვლის შემდეგ მთავარი გოლეადორი მე გავხდი და ვთვლი, რომ საკმაოდ კარგად გამოვადექი გუნდს.“
„ფეხბურთელები, რომლებთანაც ყველაზე მეტად მსიამოვნებდა თამაში რონალდუ, იოზილი, ჟუნინიო და ფრედი იყვნენ. ასევე ვერასდროს ვერ ვივიწყებ კომბინირებას ზიდანთან, რომელიც ვარჯიშებზე მქონდა ხოლმე.“
„საოცნებო ტრანსფერი? ჩემი ოცნება მბაპეს „რეალში“ გადმოსვლაა. კილიანის მომავლის შესახებ ვიცი, თუმცა მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებ. ვნახოთ, როგორ რა მოხდება.“
„ვფიქრობ თუ არა გაუმჯობესებაზე? სიმართლე გითხრათ არა, ვინაიდან ეს ჩემი მაქსიმუმია. ჩემი ამოცანა ამჟამინდელი კონდიციის რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნებაა. მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიდგე, როგორც ტექნიკურად და ტაქტიკურად, ასევე მენტალურად, ვინაიდან „რეალის“ ღირსებას ვიცავ დ აქ მოთხოვნები სერიოზულია.“
- 15 იანვარი 2022
- 1 945
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.