ანჩელოტი ახალი „ვან დაიკით“ ინტერესდება
თურქი მცველი, მერიჰ დემირალი მადრიდის „რეალის“ რადარზეა. „იუვენტუსის“ საკუთრება, რომელიც ახლა იჯარის წესით „ატალანტაში“ გამოდის, დიდ პროგრესს აჩვენებს და „ბლანკოსის“ დამრიგებლის სიმპატიებით სარგებლობს...
ანჩელოტი თვლის, რომ რუდიგერის დამატებას, დემირალის დამატება სჯობს, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. თურქი მცველი მხოლოდ 23 წლის არის და მასთან 10 წლიანი პროექტის განხორციელებაც შეიძლება, ხოლო რუდიგერი მასზე გაცილებით უფროსია.
გარდა ამისა, დემირალი საწყის ეტაპზე მუდმივად სასტარტოში თამაშსაც არ მოითხოვს და ამ მხრივ პრობლემას არ შექმნის.
უნდა აღინიშნოს, რომ იტალიაში მერიჰს ისე იცნობენ, როგორც ახალ ვირჯილ ვან დაიკს. დიახ, თურქი მოთამაშე თამაშის სტილით ძალიან ჰგავს „ლივერპულის“ ნიდერლანდელ უკანახაზელს, რომელსაც საოცარი გამოსვლები აქვს.
დემირალს მიმდინარე სეზონში, სერია „ა“-ში 13 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 6. ის ბერგამოში ძალიან უყვართ და გამოსყიდვაზეც ფიქრობენ, თუმცა რამდენად შესაძლებელია მისი ამჟამინდელ გუნდში დარჩენა მეორე საკითხია.
გავრცელებული ინფორმაციით, კარლიტომ პერესს პირადად სთხოვა, რომ მერიჰი უყიდოს.
DC-ის ინფორმაციით, „რეალი“ 1998 წელს დაბადებული ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გაამზადებს და მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად მზადყოფნას გამოთქვამს.
- 3 იანვარი 2022
- 4 935
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.