ანჩელოტი:,,წინ ძალიან რთული მატჩი გველის"
კარლო ანჩელოტიმ „ბილბაოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ვიცით, რომ საკმაოდ რთული გამოწვევის წინაშე ვდგავართ. „ბილბაო“ ყველა მატჩში ბოლომდე იხარჯება, საშინაო არენაზე კი მაქსიმალური შედეგის ჩვენებას ცდილობს. „კადისთან“ მატჩი ფრედ დასრულდა, ახლა კი 3 ქულაზე უნდა ვიფიქროთ.“
„შემადგენლობის მხრივ აშკარა პრობლემები გვაქვს, თუმცა ვიმედოვნებ, შობის შემდეგ ყველაფერი ნორმალურ რეჟიმში ჩადგება. მჯერა ფეხბურთელების, რომლებიც ახლა არიან ჩემს განკარგულებაში.“
„იმისათვის, რომ წარმატებული სვლა შევინარჩუნოთ, აუცილებელია ზუსტი ბალანსის პოვნა და გააზრებული ფეხბურთის თამაში. კალენდარი საკმაოდ მჭიდროა, ამიტომ ყურადღებით ყოფნა გვმართებს.“
„მიზანი მხოლოდ გამარჯვება იქნება. ძალიან მომწონს „სან მამესი“, რადგან იქ ყოველთვის საოცარი გარემოა. ეჭვი არ მეპარება, რომ ქომაგები დიდ სიამოვნებას მიიღებენ და ჩვენ არ ვიხილავთ იგივე სცენარს, რაც წინა ტურში მოხდა.“
„ბურთის ფლობა მთავარი არ არის. დიახ, წინა ტურში ძალიან დიდი პროცენტული მაჩვენებელი გვქონდა. ბურთს ფაქტობრივად სულ ჩვენ ვფლობდით, მაგრამ შედეგი? 0-0 არ იყო რეზულტატი, რომელმაც დამაკმაყოფილა. ვფიქრობ, „ატლეტიკსთან“ განსხვავებული სცენარი გვექნება, ეს გუნდი საშინაო არენაზე არ ჩაიკეტება.“
„აზარმა წინა მატჩში ეფექტურად ითამაშა, თუმცა თავდამსხმელის უკან გაცილებით კომფორტულად გრძნობდა თავს, ვიდრე მარჯვენა ფლანგზე. ბელგიელისთვის ახალ პოზიციაზე ადაპტირდება მარტივი ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა. მსურს ვიპოვო ის ადგილი, სადაც „7“-იანი იდეალურად იასპარეზებს და გუნდისთვის დიდ საქმეს გააკეთებს. გუშინ ფეხბურთელმა აღდგენითი პროცესი გაიარა, დღეს კი გუნდთან ერთად სრული დატვირთვის მიღებას შეეცდება.“
„მოდრიჩის და კაზემიროს სახით ნახევარდაცვაში დიდი დანაკლისი გვექნება, მაგრამ ეს იქნება შესანიშნავი შანსი ფედე ვალვერდესთვის და კამავინგასთვის. ეს უკანასკნელი ბოლო მატჩებში მონაწილეობას არ იღებდა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რა შესაზლებლობების მატარებელია. 4-3-3 სქემა ყველაზე ოპტიმალურია, თუმცა არც 4-4-2-ს გამოვრიცხავ. საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს საღამოს მივიღებ, ჯერ დრო არ არის, ამიტომ ფიქრი მმართებს.“
„მოდრიჩთან დაკავშირებით მეტი სიცხადე გვჭირდება. არ ვიცით, რას გაითვალისწინებს ლა ლიგის პროტოკოლი და როდის მიეცემა ხორვატს ვარჯიშის უფლება. ფაქტი ისაა, რომ ნახევარმცველს სისუსტე და სიცხე აქვს, თუმცა კოვიდ 19 კვლავ არ უდასტურდება.“
„ვინისიუსი დაღლილი არ არის. ბრაზილიელი ამ სეზონში 22-ე მატჩს დაიწყებს სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა პრობლემას ვერ ვხედავ. ის აბსოლუტურად მოტივირებული და კონცენტრირებულია. მჯერა, რომ „სან მამესზე“ ჟუნიორი დიდ დახმარებას გაგვიწევს.“
„პენალტები? უნდა აღინიშნოს, რომ მინიმალური რაოდენობის თერთმეტმეტრიანი შევასრულეთ. იმედი მაქვს, მომდევნო წელს ჩვენს სასარგებლოდ მეტი სტანდარტი იქნება.“
„„სევილიას“ და „ბარსელონას“ დაპირისპირებას დიდი სიამოვნებით მივადევნებ თვალს. კატალონიელები უკეთესად თამაშობენ, ლოპეტეგის კი ძალიან სტაბილური და მიზანდასახული გუნდი ჰყავს.“
„არამგონია აზარის მოედანზე გაყვანა რაიმე რისკებს შეიცავდეს. ბელგიელი ფეხბურთელი 1 თვეა ბრწყინვალედ ვარჯიშობს.“
„ბურთის ფლობა, ჰორიზონტალური თამაში და სისწრაფეების განვითარება, ყოველთვის მეტ შანსს იძლევა. ჩემმა ფეხბურთელებმა იციან, როგორ გახადონ შეტევები მწვავე ხასიათის.“
„სებალიოსი თავს კარგად გრძნობს, მისი გამოყენება 2022 წლიდან უფრო ინტენსიურად იქნება შესაძლებელი. რისკების თავიდან აცილების მიზნით, ესპანელი ეტაპობრივად დაიტვირთება.“
„ისკოს საკითხი საკმაოდ რთული და გლობალურია. ესპანელს არ მიეცა საშუალება იმისა, რომ საკუთარი კლასი კიდევ ერთხელ ეჩვენებინა. ფაქტია, რომ „რეალი“ მის გარეშე კარგად თამაშობს, ამიტომ საქმე ამ მხრივ საკმაოდ რთულად გვაქვს. კამავინგა, ფედერიკო, მარსელო და კიდევ სხვები ასევე ცოტა დროს იღებენ, მაგრამ ვითარება შეიცვლება. ისკოსთან დაპირისპირება არ მქონია, ეს არის ჭორი.“
- 21 დეკემბერი 2021
- 2 350
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.