„პიჩიჩიზე“ მადრიდელები დომინირებენ
ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის წოდებისათვის „რეალის“ არა მხოლოდ მოქმედი, არამედ ყოფილი შემტევებიც იბრძვიან.
მადრიდულ დერბიში განხორციელებული შედეგიანი დარტყმის წყალობით, კარიმ ბენზემამ კიდევ უფრო გაიმყარა ფესვები და 13 გოლით „პიჩიჩის“ მთავარ პრეტენდენტად ითვლება. მას უკან მოჰყვებიან ვინი ჯუნიორი და ხუანმი (ორივეს 10-10 გოლი), ხოლო შემდეგ მემფის დეპაი, რაულ დე ტომასი და ხოსელუ (სამივეს 8-8 გოლი).
ხოსელუ
31 წლის თავდამსხმელი იმ „რეალ მადრიდ კასტილიას“ ნაწილი იყო, რომელმაც 2011/12 წ.წ. სეზონში, მორატასთან, ხესესთან და მასკარელთან ერთად სეგუნდა დივიზიონის საგზური მოიპოვა. საზღვრებს გარეთ არა ერთი კლუბის გამოცვლის შემდეგ („აინტრახტი,“ „ჰანოვერი,“ „ჰოფენჰაიმი,“ „სტოკ სიტი“ და „ნიუკასლი“), ხოსე ლუის მატო სანმარტინმა „ალავესში“ დაიდო ბინა, სადაც შესანიშნავ სეზონს ატარებს და გუნდს ეხმარება გასავარდნ ზონისათვის თავის დაღწევაში. ამ უკანასკნელმა „რეალის“ მაისურით 2 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
რაულ დე ტომასი
რდტ-მ 2014 წელს, სწორედ კარლო ანჩელოტის პირობებში იდებიუტა „ბლანკოსის“ რიგებში, რის შემდეგაც 2019 წლამდე, სანამ „ბენფიკაში“ გაიყიდებოდა, 3 სხვადასხვა გუნდში („კორდობა,“ „ვალიადოლიდი“ და „რაიო ვალეკანო“) მოსინჯა ძალები. სამწუხაროდ, ესპანელი მოთამაშის პორტუგალიური კარიერა სათანადოდ ვერ წარიმართა და კვლავ სამშობლოში დაბრუნდა. „ესპანიოლმა“ დე ტომასის სანაცვლოდ 20 მლნ. ჩაუთვალა ლისაბონელებს, რაც კლუბის არსებობის ისტორიაში ტრანსფერში გადახდილი სარეკორდო თანხა გამოდგა.
ბენზემა
მიუხედავად იმისა, რომ ფრანგ ფეხბურთელს „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ შეხვედრაში სრულად არ ჰქონდა მოშუშებული კუნთის ტრავმა, მაინც მოახერხა თავის გამოჩენა. უკანასკნელი 2 სეზონის განმავლობაში, კარიმი მხარდამხარ მიჰყვებოდა მესის, მაგრამ წლეულს, „პიჩიჩის“ აღმართვის ფავორიტია. 13 გოლთან ერთად, „ცხრიანის“ ანგარიშზე 7 გადაცემაც ირიცხება (ყველა ტურნირზე 18 გოლი და 8 ასისტი).
ვინი
მადრიდულ დერბიში ახალგაზრდა შემტევმა 2 ასისტით მოამარაგა თანაგუნდელები, თუმცა თავად ვერ მოახერხა ობლაკის დამწუხრება. მიმდინარე სეზონში, იტალიელი სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ, ბრაზილიელმა მარგალიტმა დიდი ნახტომი გააკეთა. ალბათ, რამდენიმე თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ვინი ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლეობისათვის ასეთ კონკურენციას გასწევდა. მისი პერფორმანსი პირღიას ტოვებს ფეხბურთის მოყვარულებს. ვინის სურვილია, პირველობაში თანაგუნდელ ბენზემას შეუწყოს ხელი. 10 გოლის პარალელურად, ის 5 პასსაც მოითვლის (ყველა ტურნირზე 12 გოლი და 9 ასისტი).
MARCA
- 14 დეკემბერი 2021
- 700
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.