დიდებული ლუკა მოდრიჩი
მადრიდულმა დერბიმ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ხორვატი ნახევარმცველი დიდებულ კონდიციებშია.
შეიძლება ითქვას, „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ, მოდრიჩმა ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა მიმდინარე სეზონში. მისი ამჟამინდელი ასპარეზობა უბრალოდ ქებასა და აპლოდისმენტებს იმსახურებს. ესპანურ პრესის აზრით, ლუკა სწორედ ისეთ დონეზე ბურთაობს, როგორც 2018 წელს, როდესაც „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული გახდა.
მიუხედავად ასაკისა (36), ლუკა არავის უთმობს ლიდერობას მწვანე მინდორზე. მის ფონზე ჩრდილში იმყოფებიან შემადგენლობის ისეთი ახალგაზრდა ნახევარმცველები, როგორებიც ვალვერდე და კამავინგა არიან. „როხიბლანკოსთან“ მოპოვებულ გამარჯვებაში, 36 წლის მოთამაშემ ლომის წვლილი შეიტანა. პირველი გოლის ეპიზოდში, „რეალის“ შეტევა სწორედ მის მიერ მოპოვებული ბურთის წყალობით დაიწყო. მან საერთო ჯამში 4-ჯერ მოახერხა გუნდისათვის ბურთის დაბრუნება და ფიზიკურად საკმაოდ მძლავრ კოლექტივთან, ორთაბრძოლების 64% მის სასარგებლოდ დაასრულა.
მოდრიჩის 81 პასიდან 73 ზუსტი გამოდგა (90% სიზუსტე). ამასთან, ფეხბურთელმა 29 გადაცემა მეტოქის ნახევარზე შეასრულა. მან 7 შემთხვევაში შორეულ დისტანციაზე ჩაჰკიდა ბურთი, რაც თანაგუნდელებს „ატლეტიკოს“ მაღალი პრესინგისგან თავის დაღწევაში დაეხმარა. რაც მთავარია, „ათიანმა“ 90 წუთის განმავლობაში შეუცვლელად ითამაშა და მსაჯის საფინალო სასტვენამდე, უშეღავათოდ იბრძოლა.
წლეულს, ზადარის მკვიდრმა უკვე 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (საერთო ჯამში 1396 წუთი საქმეში). მატჩიდან მატჩამდე მისით გაკვირვებას ვერ მალავენ კოლეგები: „ეს წარმოუდგენელია. ისე ასპარეზობს, თითქოს 22 წლის იყოს. მისი ბურთაობა ძაან გვიმარტივებს საქმეს. თუ ასე გააგრძელა, კიდევ არა ერთი ტროფეის მფლობელი გახდება. ლუკა ყოველთვის მაძლევს გარკვეულ რჩევებს, ის დიდებული პიროვნებაა“ - დასძინა „ატლესთან“ ნამატჩევს ვინი ჯუნიორმა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენიმე თვეში, „რეალი“ კიდევ 1 წლით გაახანგრძლივებს თანამშრომლობას შეგირდთან, რაც მოდრიჩის ოცნებას წარმოადგენს. მას უნდა, რომ ყატარში გასამართ მუნდიალზე, სამეფო კლუბის ფეხბურთელის რანგში წარდგეს და ამასთანავე, ბუცები სწორედ განახლებულ „ბერნაბეუს“ გასახდელში ჩამოკიდოს.
- 14 დეკემბერი 2021
- 517
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.