მადრიდულ-პარიზული დაპირისპირების ქრონიკა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრის განმეორებით ჩატარების შემდეგ, სამეფო კლუბს „პსჟ“ ერგო მეტოქედ.
აღსანიშნავია, რომ მადრიდელებისა და პარიზელების დაპირისპირება განვლილი საუკუნის 90-იანი წლებიდან იღებს სათავეს. თავდაპირველად, კლუბები 1992-93 წ.წ. სეზონში, „უეფას“ თასის მეოთხედფინალში გადაეყარნენ ერთმანეთს, სადაც პირველი პაექრობა „რეალის“ გამარჯვებით დასრულდა (3-1), ხოლო განმეორებითში, ფრანგებმა სერიის შემობრუნება მოახერხეს (4-1).
აღნიშნულის შემდეგ, გუნდებმა 1993-94 წ.წ. სეზონში, „უეფას“ თასების მფლობელთა თასის მეთხედფინალურ სტადიაზე მოაწყვეს შერკინება. „ლურჯებმა“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მინიმალური ანგარიშით (0-1) დაამარცხეს მასპინძლები, ხოლო საშინაო კედლებში შედეგიანი ფრე გააგორეს (1-1).
რაც შეეხება ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს, „რეალისა“ და „პსჟ“-ს გზები 2015-16 წ.წ. სეზონამდე არ გადაკვეთილა. ჯგუფური ეტაპის პირველი ჯახი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა საფრანგეთის დედაქალაქში, ხოლო მადრიდში, „ბლანკოსმა“ ნაჩოს ერთადერთი გოლის წყალობით დაამწუხრა მოწინააღმდეგე.
2017-2018 წ.წ. სეზონში, ჩ/ლიგის მე-13 ტიტულისაკენ მიმავალ გზაზე, „თეთრებმა“ მერვედფინალის ორივე დაპირისპირებაში დაჩაგრეს შეიხის კლუბი (3-1, 1-2).
და ბოლოს, მათი უკანასკნელი შებრძოლება 2019-20 წ.წ. სეზონში შედგა. ტურნირის საწყის ფაზაში, „პსჟ“-მ „პარკ დე ფრანსზე“ 3 უპასუხო შედეგიანი დარტყმა განახორციელა სტუმრების კარში. საპასუხო შეხვედრაში კი საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა ტაბლოზე (2-2).
საერთო ჯამში, მადრიდულ-პარიზული ორთაბძოლების ქრონიკა 10 შეხვედრას მოითვლის, საიდანაც 4 შემთხვევაში ანჩელოტის შეგირდებმა გაიხარეს, ხოლო 3-ჯერ პოჩეტინოს დამოძღვრილებმა. ბურთების შეფარდება 14-13-ის წინააღმდეგ, „ბლანკოსის“ სასარგებლოდ.
AS
- 13 დეკემბერი 2021
- 768
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.