რაზე იქონიებს გავლენას ბენზემას სასჯელი?
როგორც იცით, ვერსალის სასამართლომ კარიმ ბენზემა ვალბუენას შანტაჟის საქმესთან დაკავშირებით დამნაშავედ სცნო.
მოსამართლემ ფეხბურთელს 75 ათასი ევროს გადახდა დააკისრა და ამასთანავე, მიუსაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ ფრანგი კიდევ ერთხელ ჩაიდენს აღნიშნულ დანაშაულს.
ამ გადაწყვეტილებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საფეხბურთო სამყაროში. გულშემატკივრებს განსაკუთრებით აინტერესებთ, აღნიშნული რაიმე სახით ხომ არ მოახდენს გავლენას „ცხრიანის“ კარიერაზე.
კარიმის უფლებადამცველების განცხადებით, მოთამაშე აუცილებლად გაასაჩივრებს გამოტანილ განაჩენს, ვინაიდან დანაშაულს არ აღიარებს: „ვფიქრობ, არასამართლიანი ვერდიქტია, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. როგორ უნდა მიიღო ეს ყველაფერი, როდესაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი გაგიკეთებია?“ - დასძინა ადვოკატმა ანტონი ვეიმ. მისი ინფორმაციით, ბენზემა სააპელაციო განხილვებს აუცილებლად დაესწრება, ხოლო თუ ვერც მეორე ინსტანციაში დაამტკიცა სიმართლე, მაშინ, უზენაეს სასამართლოს მიმართავს. ამასთანავე საინტერესოა, რომ პროკურატურა „რეალის“ ფეხბურთელისთვის 10 თვიან პატიმრობას ითხოვდა, მაგრამ მოსამართლემ აღნიშნული ვადა კიდევ 2 თვით გაზარდა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბენზემას ციხის გისოსებს მიღმა ყოფნა არ მოუწევს, თუ სამომავლოდ, დანაშაულის რეციდივი არ მოხდება. მისდა საბედნიეროდ, ფრანგული კანონმდებლობა ითვალისწინებს მსგავს შემთხვევებს და არის საკმაოდ ჰუმანური. რაც შეეხება ჯარიმის ნაწილს, მოსამართლემ მას მაქსიმუმი დაუწესა, რაც ამ ქმედების ჩადენისთვის არის განსაზღვრული.
ამჯერად, შესანიშნავ ფორმაში მყოფ თავდამსხმელს ეროვნული ნაკრების რიგების დატოვება არ მოუწევს. მან ეს პირობა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან მიიღო. არადა კარგად გვახსოვს, რომ 2015 წელს, როდესაც ვალბუენამ სამართალდამცველებს მიმართა, „ლურჯების“ შემადგენლობიდან მყისვე მოკვეთეს, როგორც დაზარალებული, ასევე ბრალდებული. ცხადია, კარიმს არც საკლუბო დონეზე ემუქრება არაფერი. პირიქით, სამეფო კლუბი ღვაწლმოსილ შეგირდს მხარდაჭერას უცხადებს პირველივე დღიდან და სჯერა მისი უდანაშაულობის.
და ბოლოს, რაც შეეხება „ოქროს ბურთს.“ „ფრანს ფუტბოლის“ მიერ ორგანიზებული ცერემონია მიმდინარე თვის მიწურულს გაიმართება, ხოლო სასურველი ფეხბურთელისათვის ხმის მიცემის პროცედურა კი 2 კვირის წინ დასრულდა. შესაბამისად, ბენზემას ძალუძს სიმშვიდის შენარჩუნება და კვლავ იმედისმომცემ პოზიციაში ყოფნა.
MARCA
- 24 ნოემბერი 2021
- 1 090
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.