„პორტო“ ლუკა იოვიჩის და მარიანო დიასის კანდიდატურით სერიოზულად ინტერესდება
ის, რომ ლუკა იოვიჩი და მარიანო დიასი კარლო ანჩელოტის გეგმებში არ შედიან, ფაქტია და ამაზე საუბრები დიდი ხანია მიმდინარეობს. ესპანური გამოცემები ორივე მოთამაშეს აბარგებას უწინასწარმეტყველებენ, მსურველ კლუბებს კი პორტუგალიური „პორტოც“ შეემატა, რომელსაც წინა ხაზში პრობლემები აქვს...
პორტუგალიელთა ამჟამინდელი მთავარი დამრტყმელი ძალა ლუის დიაში სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს, „პორტოს“ მისი შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება, ვინაიდან ფეხბურთელზე პრეტენზიას რამდენიმე გრანდი აცხადებს და დაახლოებით 70 მილიონი ევროს გადახდასაც აპირებს.
„პორტოს“ ფლორენტინო პერესთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და მოლაპარაკების წარმატებით დასრულების იმედსაც სწორედ ეს ფაქტორი აჩენს.
პორტუგალიელებს მოსწონთ, როგორც იოვიჩი, ასევე მარიანო, თუმცა ორივეს დამატებას არ გეგმავენ. იმ შემთხვევაში, თუ ორიდან ერთი აღნიშნულ გუნდში გადასვლას დათანხმდება, მოლაპარაკებები საკმაოდ სერიოზულ ხასიათს მიიღებს.
Defensacentral-ის ინფორმაციით, მადრიდულმა მხარემ „პორტოს“ ხელმძღვანელობისგან უკვე მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუნდი მადრიდელი თავდამსხმელების სამსახურით ინტერესდება.
- 18 ნოემბერი 2021
- 407
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.