ვინისიუსმა სტატუსი შეიცვალა
ბრაზიელიელმა ფეხბურთელმა დიდებული თამაშის დამსახურებით, „გალაქტიკოს“ წოდება მოიპოვა.
შეიძლება ითქვას, ნაბიჯ-ნაბიჯ ვინისიუს ჯუნიორი საკმაოდ ანგარიშგასაწევ ფიგურად ჩამოყალიბდა. მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელის პროგრესი თვალშისაცემია - 16 მატჩში 9 გოლი და 7 ასისტი. ის თანაგუნდელ ბენზემასთან ერთად სახიფათო ტანდემს ქმნის, რომელიც სამომავლოდ არა ერთ მეტოქეს გაამწარებს.
ვინი 2018 წელს გადაბარგდა ესპანეთის დედაქალაქში. თავდაპირველად, ლოპეტეგის გადაწყვეტილებით, მოთამაშე „რეალ მადრიდ კასტილიაში“ დაიწყო გამოსვლა, ხოლო მისი დაწინაურება მთავარ შემადგენლობაში ზიდანის სახელთან არის დაკავშირებული.
სამხრეთ ამერიკელის საწყისი ეტაპი ახალ კლუბში ნამდვილად არ ყოფილა მარტივი. გულშემატკივრები თუ მედიის წარმომადგენლები ბევრს აკირიტიკებდნენ, გადაწყვეტილებების მიღებისა და კარში დარტყმის ასპექტში, თუმცა ის, რომ განსაკუთრებით ნიჭიერებასთან ჰქონდათ საქმე, ამას არავინ უარყოფდა.
წლეულს, ვინისიუსის სიტუაცია 180 გრადუსით შეიცვალა. 21 წლის სპორტსმენმა სისწრაფესა და საოცარ დრიბლინგს, გონებით მოქმედება და სამიზნის გასწორებაც დაუმატა, შესაბამისად, შედეგიც სახეზეა. ნიშანდობლივია, რომ გოლების გატანასთან ერთად, მან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პასების კომპონენტიც. 2018/19 წლების სეზონთან შედარებით, გადაცემების პროცენტული მაჩვენებელი 10-ით გაიზარდა და 87-ს შეადგენს. ამ ყველაფერში ლომის წვლილი მიუძღვის კარლო ანჩელოტის. იტალიელმა სწორ გზაზე დააყენა შეგირდი.
განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, სამეფო კლუბი მომავალ ზაფხულს გეგმავს ვინისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას, რომელსაც 2028 წლის 30 ივნისამდე ექნება ვადა. შედეგად, მისი ყოველწლიური შემოსავალი 8 მილიონამდე მოიმატებს, ხოლო გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდს მიაღწევს.
პარალელურად, „რეალის“ წინახაზელი ეროვნულ გუნდში ცდილობს ადგილის დამკვიდრებას. ის აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ტიტეს ნდობა მოიპოვოს. მან რამდენიმე დღის წინ, არგენტინელების წინააღმდეგ შეუცვლელად იასპარეზა.
AS
- 18 ნოემბერი 2021
- 768
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.