გარეთ ბეილის დიდი ოცნება
უელსის ნაკრების მაისურის მე-100-დ მორგების შემდეგ, გარეთ ბეილის წინაშე ახალი და ყველაზე მთავარი გამოწვევა დგას - მსოფლიო ჩემპიონატის საგზური.
„ბოლო წლების განმავლობაში ეროვნული გუნდი პროგრესის გზაზე დგას. ჩვენ მიჯრით ევროპის 2 ჩემპიონატზე მივიღეთ მონაწილეობა და ახლა ყატარში გასამართ მუნდიალზე ვოცნებობთ. შესაძლებელია, ეს ჩვენი, როგორც კოლექტივის ბოლო შანსია, ვიასპარეზოთ ასეთი მნიშვნელობის ტურნირზე“ - განაცხადა „რეალის“ შემტევმა საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყების წინ. „დრაკონების“ ამოცანი ცოტათი გართულდა, ვინაიდან ჯგუფში ბელგიელებმა დაუმარცხებლად იასპარეზეს და ახლა, მხოლოდ ფლეი-ოფის გზით ძალუძთ სანუკვარ მიზანში გარტყმა.
1958 წელს, შვედეთში ორგანიზებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ჯონ ჩარლზის, კლიფ ჯონსისა და ივორ ოლჩერჩის წყალობით, „დრაკონებმა“ მეოთხედფინალურ სტადიაზე ითამაშეს, სადაც ლეგენდარული პელეს გოლით, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგეს. აღნიშნულის შემდეგ, ვერც რაიან გიგზმა, იან რაშმა, მარკ ჰუგზმა, რობი სავაჯმა და გარი სპიდმა, სხვადასხვა პერიოდში ვერ მოახერხეს ბრიტანული ქვეყნის სანაკრებო ტურნირზე გაყვანა, სანამ 2016 წელს, საქმეში არ ჩაერთო რემსის, ალენისა და ბეილის თაობა. საფრანგეთში ჩატარებულ ბებერი კონტინენტის პირველობაზე, მათი მაქსიმუმი ნახევარფინალი გახდა, ხოლო წინა „ევროპაზე,“ 1/8 ფინალი.
როგორც ზემოთ გაუწყეთ, რამდენიმე დღის წინ, ბეილმა მე-100 შეხვედრა ჩაატარა ეროვნულ გუნდში და ახლა მის წინ მხოლოდ კრის განტერი რჩება (106 მატჩი): „ამ რაოდენობის პაექრობების მოგროვება, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო. თავიდან ვერც კი წარმოვიდგენდი ამას. როდესაც ჩემი დებიუტი შედგა, ჩვენს ნაკრებს ცუდი პერიოდი ედგა, თუმცა ერთობლივი და თავდაუზოგავი შრომის დამსახურებით, ის სწორ რელსებზე დავაყენეთ“ - დასძინა გარეთმა.
„რეკორდები იმისთვის არსებობს, რომ დაამხონ. ცხადია, მსგავს რამეზე არასდროს მინერვიულია. პირიქით, მინდოდა რომ ეს ამბავი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს გაეკეთებინა“ - აღნიშნა იან რაშმა 2018 წელს, როდესაც ჩინეთის წინააღმდეგ (0-6) შესრულები ჰეთ-თრიქით, ბეილი უელსის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ახლა სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული მოთამაშე უკვე 36 გოლს მოითვლის.
„კარგად მახსოვს, ბრაინ ფლინი მოვიდა ჩემთან და მითხრა - „შენთვის ახალი ფეხბურთელი მყავს, რომელიც „საუთჰემპტონში“ ბურთაობს.“ მოკლე დროში უშუალოდ ჩავედი ინგლისში და ტრიბუნიდან ვნახე მისი პაექრობა, რაც შეუდარებელი იყო. ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენდა 16 წლის ბიჭის ნაკრებში გამოძახება. ცხადია, პირველივე დღიდან მთავარ გუნდში დაიწყო ვარჯიში, რომლის დასრულების შემდეგაც დარჩა და დამატებით იმუშავა. „რეალში“ გადასვლით და ამდენი ტიტულის მოგებით მეტად გაძლიერდა. შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესოა, ვინც კი ოდესმე გამიწვრთნია“ - იხსენებს BBC-სთან ჯონ ბენჟამინ ტოშაკი.
„დრაკონების“ რიგებში სადებიუტო ჯახის გამართვის დროს, მისი ასაკი მხოლოდ 16 წელსა და 315 დღეს შეადგენდა. აღნიშნული ციფრები უნიკალური იყო 2013 წლამდე, სანამ 16 წლისა და 207 დღის ჰარი ვილსონი მოხსნიდა მას.
ბეილმა პირველი საერთაშორისო გოლი 2008 წელს ჩაიწერა აქტივში და აქაც რეკორდსმენი გახდა. მას შემდეგ გავიდა მრავალი წელი, ფეხბურთელმა მარცხენა ფრთიდან მარჯვნივ გადაინაცვლა, „სოტონიდან,“ „ტოტენჰემის“ გავლით, „რეალში“ დაიდო ბინა, მოიგო 4 ჩემპიონთა ლიგა, ტრავმების გადამკიდე შეაბიჯა ფეხი გოლფში. მის სახელს უკავშირდება უელსის ნაკრების გარდაქმნა - „ფიფას“ რეიტინგში, 74-ე პოზიციიდან, მე-19-მდე დაწინაურება.
MARCA
- 16 ნოემბერი 2021
- 479
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.