ანჩელოტი - დამაჯერებლად, მაგრამ არაკომფორტულად
სამეფო კლუბმა უკანასკნელი 6 თამაშიდან 5-ის მოგება მოახერხა (1-იც ფრე), რისი წყალობითაც, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფს ლიდერობს, ხოლო პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციას იკავებს (1-ით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული).
ერთი შეხედვით, კარლო ანჩელოტის შეგირდები სტაბილური ბურთაობით იწონებენ თავს გულშემატკივრების წინაშე, თუმცა საგულისხმოა, რომ აღნიშნული 5 შეხვედრიდან, „რეალმა“ მხოლოდ ერთში დააფიქსირა კომფორტული სხვაობა, ხოლო დანარჩენებში, სანერვიულო მისცა ქომაგებს.
19 ოქტომბერს, უკრაინაში, „შახტარის“ განადგურების (0-5) შემდეგ, „თეთრები“ ყოველთვის მძიმე ბრძოლებში ახერხებდნენ სასურველი შედეგის დაფიქსირებას. „ბარსელონას,“ „ელჩესა“ და „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ, იტალიელი სპეციალისტის შეგირდები, მატჩის მიმდინარეობისას 2 ბურთიანი უპირატესობით იყვნენ წინ, მაგრამ სამივე შემთხვევაში, მეორე ტაიმის მეორე ნაწილში, კურტუას კარის აღება შეძლეს მოწინააღმდეგეებმა. რაც შეეხება „შახტართან“ განმეორებით პაექრობას, „ბლანკოსმა“ იგივე ანგარიში დააფიქსირა, რაც განვლილ დაპირისპირებებში - 2:1.
კარლო ანჩელოტის მეტი სამუშაო აქვს, რათა მუდამ ბეწვის ხიდზე გავლა არ მოუხდეთ მადრიდელებს.
MARCA
- 15 ნოემბერი 2021
- 907
- 14