ახალი კონტრაქტი ედერ მილიტაოს
Defensacentral-ის ცნობით, მადრიდის „რეალი“ ედერ მილიტაოს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, სადაც მისი პირობები მკვეთრად იქნება გაუმჯობესებული. ფლორენტინო პერესს ამ გზით ფეხბურთელის მიმართ პატივისცემის გამოხატვა სურს. დიახ, ფეხბურთელი, რომელიც ვარანის, რამოსის და ნაჩოს შემდეგ მეოთხეხარისოვან მცველად მოიაზრებოდა და მხოლოდ სამეფო თასის მატჩებისთვის იყო გათვლილი, დღეს „ბლანკოსის“ დაცვის ლიდერის სტატუსს ირგებს, რაც არნახულმა შრომამ და შესაძლებლობების დამტკიცებამ განაპირობა.
მილიტაო მადრიდელი 2019 წელს გახდა და გუნდთან 6 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, რომელსაც ვადა 2025 წელს ეწურება. ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ედერი მადრიდის სადარაჯოზე 2028 წლის 30 ივნისამდე უნდა დარჩეს, მისი ხელფასი კი 4.5 მილიონი ევროდან 6.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
სამეფო კლუბი ფეხბურთელის წარმომადგენლებს მალე მიმართავს და წინადადებას წარუდგენს. მაღალი ალბათობით, შეთანხმება მიმდინარე სეზონის ბოლომდე შედგება და მილიტაო „ბლანკოსს“ კიდევ დიდი ხნით დაუკაშირებს თავს.
მიმდინარე სეზონში ედერმა ჩემპიონთა ლიგის ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, ის ასევე შეუცვლელია ლა ლიგაში, სადაც 12-ჯერ მოსინჯა ძალები და ყველა შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში იყო. ფეხბურთელი კარლო ანჩელოტის დიდი ნდობით სარგელობს.
საერთო ჯამში მილიტაოს ანგარიშზე მიმდინარე სეზონში უკვე 16 მატჩი და 1437 წუთია. ეჭვი არავის ეპარება, რომ სეზონის ბოლოს, ყველა ტურნირზე ედერის ანგარიშზე მინიმუმ 50 დაპირისპირება და 3 500 წუთზე მეტი იქნება.
- 13 ნოემბერი 2021
- 438
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.