კროოსი:„ახალ ბერნაბეუზე რამდენიმე წელი უნდა ვითამაშო“
ტონი კროოსმა „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ვრცელი და მრავლისმომცველი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ძალიან ბევრი საკითხი მიმოიხილა...
„მას შემდეგ, რაც მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი გავხდი, სრულად გავითავისე ის მოთხოვნები და სტანდარტები, რომელიც აქ არსებობს. დიახ, 7 წლის განმავლობაში მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა. აქ ტიტულის მოგება ნიშნავს იმას, რომ მეორე დღიდან სხვა ჯილდოებზე უნდა იფიქრო. უდიდეს სიამოვნებას ვიღებ მადრიდულ გრანდში ყოფნით და მჯერა, რომ ამ გუნდს კიდევ აქვს წინსვლის პერსპექტივა, როგორც შიდა ასპარეზზე, ასევე ევროსარბიელზე, სადაც გამარჯვება ყოველთვის ყველაზე განსაკუთრებულია.“
„სეზონის პირველი ნაწილი ყოველთვის განსხვავებულია და ჩვენ ვეცდებით, რომ მაქსიმალური შედეგები მივიღოთ. ვფიქრობ, მომდევნო თვეებში გულშემატკივრები „ბლანკოსის“ უკეთეს ვარიანტს იხილავენ და ჩვენ შევძლებთ საუკეთესო კონდიციამდე მისვლას. კარლო ანჩელოტიმ გუნდში ახალი იდეები მოიტანა და ეს ბუნებრივია. მწვრთნელის ცვლილებას ყოველთვის მოჰყვება სტილის ცვლილება.“
„ჩემთვის სეზონის სტარტი მარტივი არ იყო, რადგან ტრავმა მივიღე და დიდი ხანი გამიცდა, შემდეგ კი რეაბილიტაციისთვის დრო დამჭირდა. გასული 3 კვირის განმავლობაში ინტენსიურ დატვირთვებს ვიღებდი და მოედანზეც ხშირად ვჩანდი, რაც საბოლოოდ ფორმაში ჩადგომაში დამეხმარა.“
„ბერნაბეუ აქამდეც საოცარი სტადიონი იყო და მომავალში საერთოდ ყველა მოლოდინს გადააჭარბებს. ჩვენ ნანახი გვაქვს მაკეტი და სურათები, რათა მეტი წარმოდგენა შეგვექმნას მომავლის არენაზე. იმედი მაქვს, რამდენიმე წლის მანძილზე შევძლებთ „ახალ ბერნაბეუზე“ თამაშს და სიამოვნების მიღებას.“
„ახალი კონტრაქტი „რეალთან“? ახლა მიმდინარე კონტრაქტზე საუბარი შემიძლია, რომელსაც ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება. დრო კიდევ არის. უკვე გითხარით, რომ მადრიდში ბედნიერი ვარ.“
„ვმუშაობ, როგორც დარბაზში, ასევე მწვანე მინდორზე, იმისათვის, რომ საუკეთესო ფორმაში ჩავდგე. დიახ, ტრავმებმა გარკვეულწილად დასვენების საშუალება მომცა, ახლა კი ძალით სავსე ვარ და ვფიქრობ, სეზონის გამოწვევებს შესაბამისად მივიღებ.“
„გოლის გატანა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემი ფუნქცია სხვა ფაქტორებში მდგომარეობს. ყოველთვის მირჩევნია სხვა მხრივ ვიყო დიდი სარგებელის მომტანი, ვიდრე გოლების გატანით. ჩვენს კოლექტივში ირიცხებიან ფეხბურთელები, რომლებსაც მეტოქის კარის აღება პირდაპირ ევალებათ. „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ გატანილმა გოლმა გამაბედნიერა, ვინაიდან საკმაოდ ეფექტური მომენტი იყო.“
„პირველი დღიდან დღემდე ჩემი და „რეალის“ ურთიერთობა საოცარია. დიახ, ყოველთვის ფეხბურთელი უნდა მოერგოს კლუბს და არა კლუბი ფეხბურთელს. მე აქ ბევრ მწვრთნელთან მიმუშავია და ყოველთვის დიდ სიამოვნებას ვიღებდი. აქ ყოფნა გამიადვილეს, როგორც დამრიგებლებმა, ასევე თანაგუნდელებმა და გულშემატკივრებმა, რომელთა როლიც საკმაოდ დიდია.“
„ანჩელოტი შესანიშნავად მიცნობს. ის მწვრთნელობის პირველ ეტაპზე მუშაობდა ჩემთან ერთად და იცის, რა მჭირდება იმისთვის, რომ მოედანზე თავი კომფორტულად ვიგრძნო და გუნდისთვის სასარგებლო საქმის გაკეთება შევძლო.“
„ყველა თამაშში ბოლომდე ვიხარჯები იმისთვის, რომ გუნდისთვის სასარგებლო საქმე გავაკეთო და თანაგუნდელებს საქმე გავუადვილო. საკუთარი თავის შეფასება არასდროს მიყვარდა და არც ახლა მსურს ამაზე საუბარი, სჯობს კროოსი სხვა მოთამაშეებმა დაახასიათონ.“
„განსაკუთრებულად მშვიდად ვცხოვრობთ მადრიდის გარეუბანში და მოგვწონს ეს სტილი. ჩემი შვილები სკოლასა და ბაღში დადიან. დიახ, არაფრით განსაკუთრებულები არ ვართ და ვცდილობთ, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ, ვინაიდან ეს არის კომპონენტი, რომელიც ფეხბურთელს ყოველთვის ძალიან სჭირდება.“
„ადვილი გზა არ გამიგია. ხშირად მეგობრებთან გართობაზეც მითქვამს უარი იმისთვის, რომ მევარჯიშა და საუკეთესო კონდიციაში ვყოფილიყავი. თუ გსურს პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბება, უდიდესი ძალისხმევის გაღება მოგიწევს.“
„ტონი კროოსის აკადემია ძალიან დიდი პროექტია, რომელიც რამდენიმე პროფილით მუშაობს და ეხმარება, როგორც დამწყებ ფეხბურთელებს, ასევე არაპროფესიონალებს და მოყვარულებს ფიზიკურ განვითარებაში, ტექნიკური მონაცემების დახვეწაში, ტაქტიკური მიდგომების პროცესში და ასე შემდეგ. მახარებს ის, რასაც ვაკეთებ და მჯერა, რომ ეს პროექტი უფრო მრავალფეროვანი და სრულყოფილი გახდება.“
- 13 ნოემბერი 2021
- 764
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.