ტორგან აზარი: „ეს პერესის ან ანჩელოტის გადასაწყვეტია და არა ჩემი“
ბელგიის წინასამატჩო პერესკონფერენციაზე, ტორგან აზარმა უფროსი ძმის შესახებ ისაუბრა, რომელსაც მეტად რთული პერიოდის გადალახვა უწევს.
ბოლო პერიოდის განმავლობაში, ედენი იშვიათად ჩნდება სამეფო კლუბის სასტარტო შემადგენლობაში. „ჩელსიში“ ასპარეზობის დროს „შვიდიანი“ „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორისაც კი იყო, თუმცა მადრიდში ვერადავერ მოახერხა თავის გამოჩენა. არა ერთი გამოცემის ცნობით, „რეალი“ მალე შეელევა შემტევ ნახევარმცველს.
„ედენი ნაკრებთან ერთად იმყოფება. ის მსოფლიო დონის ფეხბურთელი და ჩვენი კაპიტანია. დიახ, სიმართლეა, რომ პირველად კარიერის განმავლობაში, ის სათადარიგო ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, არასახარბიელო მომენტია. ვფიქრობ, მეტ სათამაშო დროს იმსახურებს და ვიმედოვნებ, სიტუაცია გამოსწორდება“ - დასძინა ტორგანმა.
„დატოვებს თუ არა ედენი გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე? ეს პრეზიდენტის ან მწვრთნელის გადასაწყვეტია და არა ჩემი. ამ მომენტისათვის, მის პოზიციაზე ვინისიუსი ირჯება, რომელიც ტოპ ფორმაშია. საერთო ჯამში, „რეალი“ იგებს შეხვედრებს. კარიერის განმავლობაში მეც არა ერთხელ მომიწია მწვანე საფარის მიღმა ყოფნა და მას ვურჩევ, რომ თავდაუზოგავად იმუშავოს, ყველაფერი გააკეთოს არსებული მდგომარეობის შესაცვლელად. რთულია, როდესაც თავის გამოჩენისათვის მხოლოდ 5 წუთი გაქვს, მაგრამ ასეთ მცირე დროშიც შესაძლებელია მატჩების მოგება“ - აღნიშნა „ბორუსიას“ ნახევარმცველმა.
Transfermarkt-ის მიხედვით ტორგანის სატრანსფერო ღირებულება მეტია, ვიდრე ედენის: „არ ვიცი, როგორც ხდება ამის გამოთვლა. მე რომ კლუბის პრეზიდენტი ვიყო და არჩევანის წინაშე ვიდგე - 27 მლნ. ტორგანის, თუ 25 მლნ. ედენის სანაცვლოდ, აუცილებლად ამ უკანასკნელს ავირჩევდი“ - დაამატა ბელგიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა.
AS
- 12 ნოემბერი 2021
- 1 464
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.