Marca: ბიჭი, რომელიც „რეალზე“ ოცნებობს, ესპანეთის მეგობარი გახდა
ესპანური გამოცემები საქართველოს ნაკრების ამომავალი ვარსკვლავის მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებენ.
როგორც იცით, „აჭარაბეთ არენაზე“ შვედეთის ნაკრების დამარცხებით (2-0), ქართველებმა ესპანელებს შეუმოკლეს მსოფლიოს 2022 წლის მუნდიალზე მოსახვედრი გზა. „ფურია როხას,“ რომელმაც სტუმრად მინიმალური ანგარიშით (0-1) დაამარცხა საბერძნეთი, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში უშუალო კონკურენტთან ფრეც ჰყოფნის იმისათვის, რომ ყატარში გასამართი ტურნირის პირდაპირი საგზური მოიპოვოს.
იბრაჰიმოვიჩისა და კომპანიის დამარცხებაში ლომის წვლილი შეიტანა ხვიჩა კვარაცხელიამ. ამ უკანასკნელმა საკმაოდ რთული მეტოქის წინააღმდეგ დუბლის გაფორმება მოახერხა და საკმაოდ სამართლიანად მოექცა მადრიდული გამოცემა „მარკას“ ობიექტივში:
„ხვიჩა კვარაცხელია ესპანეთის ნაკრების საუკეთესო მეგობარი გახდა. შვედების წინააღმდეგ 2 გოლის გატანით, მან ლუის ენრიკეს შეგირდებს სატურნირო ცხრილში პირველი ადგილის დაკავების შანსი დაუტოვა. „რუბინის“ ფეხბურთელი ფართო პუბლიკისთვის უცნობია. მან შესანიშნავი თამაში აჩვენა.
რუსეთის პრემიერ ლიგის ბოლო 2 სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე, ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. მის ოცნებას წარმოადგენს ევროპის დიდ კლუბში ასპარეზობა: „მე მჯერა, რომ ის „რეალში“ ან „ბაიერნში“ გააგრძელებს ბურთაობას“ - აღნიშნავს ფეხბურთელის საფეხბურთო წარმომადგენელი.
რა თქმა უნდა, სამეფო კლუბი შემთხვევითი აჩევანი არ არის: „ჩემი ყველა შვილი, ხვიჩას ჩათვლით, „ბლანკოსის“ დიდი ქომაგია“ - აცხადებს კვარაცხელიას მამა.
ამ მომენტისათვის, Transfermarkt-ის მონაცემებით, 20 წლის შემტევის სატრანსფერო ღირებულება 18 მილიონს შეადგენს. რუსეთის ჩემპიონატში მხოლოდ აზმუნი და მალკომი არიან მასზე ძვირადღირებულნი.
ხვიჩამ ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში „ფურია როხას“ კარის აღებითაც გამოიჩინა თავი. ის საქართველოს დიდი იმედია, რომელსაც ბებერი კონტინენტის რომელიმე გრანდში გამოსვლას უწინასწარმეტყველებენ: „ის ჩემს თავს მახსენებს, გამოირჩევა უზარმაზარი პოტენციალით. რაც მთავარია აქვს სისწრაფე, ინტუიცია და ტაქტიკური ინტელექტი. ახალგაზრდა ნახევარმცველი იღვიძებს და იძინებს ბურთთან ერთად“ - დასძინა ვლადიმერ გუცაევმა.
მისმა გატანილმა გოლებმა ესპანეთის უპირატესობა მიანიჭა. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, ფეხბურთელის ცნობადობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.“
MARCA
- 12 ნოემბერი 2021
- 1 788
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.