იგივე გუნდი განსხვავებული სტილით
ფაქტია, რომ კარლო ანჩელოტიმ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფი გუნდი ჩაიბარა, რომელსაც გოლების გატანა ძალიან უჭირდა და ხსნას მხოლოდ მბაპეს ყიდვაში პოულობდა, თუმცა კილიანის ტრანსფერი ჯერ-ჯერობით ვერ შედგა...
„იგივე გუნდი, განსხვავებული სტილით და მახასიათებლებით“ - სწორედ ასე უწოდებენ ესპანელი ექსპერტები კარლო ანჩელოტის მადრიდის „რეალს“, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „ბლანკოსი“ იგივე გუნდი არ არის. ამ კოლექტივმა დაცვის ორი უდავო ლიდერი დაკარგა სერხიო რამოსისა და რაფაელ ვარანის სახით.
კარლო ანჩელოტის მუშაობა ნამდვილად ხაზგასასმელია. მადრიდში ზიდანის კრიტიკას ვერავინ ბედავს და ეს ასეც უნდა იყოს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ანალოგიური შეტევის ხაზით ანჩელოტის კოლექტივი გაცილებით უფრო სანახაობრივ, ლაღ და უხვგოლიან ფეხბურთს თამაშობს, ვიდრე ზიზუსი.
ჩემპიონთა ლიგის 4 ტურის შემდეგ მადრიდელთა ანგარიშზე არაერთი გატანილი გოლი ფიქსირდება და სატურნირო მდგომარეობაც მისაღებია. რაც შეეხება ლა ლიგას, მადრიდელებს ანგარიშზე უკვე 28 გოლი ფიქსირდება და ეს მაჩვენებელი ესპანეთის მასშტაბით საუკეთესოა. 28 გოლი 12 მატჩში, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბლანკოსი“ დღევანდელი მონაცემით თითო დაპირისპირებაში 2.4 გოლის გატანას ახერხებს, მაშინ როდესაც ზიზუს დროს მაჩვენებელი 1.8-ს ვეს სცდებოდა და გარკვეულ მომენტებში 1.6-იც კი იყო.
ფაქტია, რომ კარლომ გახსნა ვინისიუს ჟუნიორი, თუმცა ეს გარკვეულწილად გასულმა წლებმა და მიღებულმა გამოცდილებამაც განაპირობა. შესანიშნავად გამოდის კარიმ ბენზემა, რომელიც „პიჩიჩისთვის“ იბრძვის და 10 გატანილი გოლით იწონებს თავს. საკმაოდ დიდი პროგრესი აქვს როდრიგო გოეშსაც.
ეს ყველაფერი კი ხდება იმ ფონზე, რომ ჯერ კიდევ სეზონის ნახევარი არ გასულა. მადრიდში ოპტიმისტური იმედები აქვთ და სჯერათ, რომ ანჩელოტის კოლექტივი კიდევ უფრო მოუმატებს. რასაც შემდეგი მიზეზებით ხსნიან:
- საბოლოოდ ჩამოყალიბდა დაცვის ოთხეული კარვახალის, მილიტაოს, ალაბას და მენდის სახით
- ვინისიუსი კიდევ უფრო მოუმატებს და ბევრი გოლის გატანას შეძლებს
- ფედერიკო ვალვერდე ბრუნდება, რაც ნახევარდაცვაში რესურსის დაზოგვის საშუალებას იძლევა.
ყოველივე ზემოაღნიშნული ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა. ფაქტია, რომ 2022 წლის ზაფხულში „რეალი“ ძალიან მნიშვნელოვნად გაძლიერდება, მაგრამ ახალ ვარსკვლავებს იტალიელი სპეციალისტი უკვე კარგად ორგანიზებულ გუნდს და ტაქტიკურად გამართულ სისტემას დაახვედრებს.
- 11 ნოემბერი 2021
- 974
- 12