ბენზემა:„მბაპემ ღიად განაცხადა, რომ „რეალში“ ითამაშებს“
მადრიდის „რეალის“ მთავარმა დამრტყმელმა ძალამ, კარიმ ბენზემამ L'Equipe-სთან ინტერვიუში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი მიმოიხილა. „9“-იანმა ასევე ისაუბრა კილიან მბაპეს „ბლანკოსის“ რიგებში გადასვლაზე...
„თუ სტატისტიკას შევხედავთ, ერთ-ერთი საუკეთესო სტარტი მაქვს, მაგრამ მცირე ციფრებს არ ვაქცევ ყურადღებას. მთავარია სეზონის კარგად ჩატარება და ბევრი გოლის გატანა.“
„მბაპე მადრიდის „რეალში“ ითამაშებს. კილიანმა ეს ღიად თქვა. შემიძლია გითხრათ, რომ ეს მალე მოხდება. გთხოვთ, კონკრეტულ თარიღებზე საუბრისგან თავი ავირიდოთ.“
„განსაკუთრებით მომწონს, როდესაც ჩემი გოლები და საგოლე გადაცემები გადამწყვეტია. მთავარი კომპონენტი გოლი არ არის, თუმცა ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შესაძლოა დადგეს მომენტი, როდესაც კარგად თამაშმა და საგოლე გადაცემამ გოლზე დიდი შეფასება მიიღოს. ეს ფეხბურთია, სადაც ბევრ კომპონენტს აქვს მნიშვნელობა.“
„ფლორენტინოს სიტყვები? დიახ, მან თქვა რომ მე კრიშტიანოს და ზიდანის ნაზავი ვარ. დიდი პატივია, თუმცა ამ ფეხბურთელებთან შედარება ალბათ უხერხულიც კი არის.“
„ეგოისტი არასდროს ვყოფილვარ და ვთვლი, რომ მთავარი მხოლოდ გოლები არ არის. ყველაფერი დამოკიდებულია ხარისხიან თამაშსა და ეფექტურ გუნდურ სულისკვეთებაზე.“
„გუნდში სერიოზული გარდაქმნა მიმდინარეობს. გაახალგაზრდავების პროცესი უკვე დიდი ხანია დაწყებულია. ვთვლი, რომ ეს პროექტი აუცილებლად გამოიღებს საბოლოო შედეგს, თუმცა დროა საჭირო. კოლექტივში არაერთი ტალანტით სავსე ფიგურა ირიცხება. მიხარია, რომ ახალგაზრდებთან ერთად სრულიად სხვა მოდელის გუნდს ვქმნით.“
„კამავინგა ბედნიერია, რადგან მსოფლიოს ყველაზე დიდი ისტორიის მქონე კლუბში მოხვდა. ბედნიერია, რადგან კროოსთან, მოდრიჩთან და კაზემიროსთან ერთად უწევს ვარჯიში და თამაში. ბედნიერია, რადგან მას მთელი გუნდი გვერდში უდგას.“
„კაპიტნის სამკლაურის მორგება ხშირად მიწევს, რადგან მარსელოს ტრავმა აქვს. ჩვენ ბრაზილიელის სახით ღირსეული კაპიტანი გვყავს. წნეხს არ ვგრძნობ, ვინაიდან აქ თამაშს უკვე წლებია შევეჩვიე. ჩემთვის დიდი სიამაყეა „ბლანკოსის“ ლიდერის სტატუსის მორგება.“
„თუ გსურს წარმატებული იყო, შენი ფიზიკა და გონებრივი შესაძლებლობები უნდა გააერთიანო. დიახ, პატარა ბიჭი აღარ ვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე შემეძლება უმაღლესი კლასის ჩვენება, შემდეგ კი „რეალის“ რიგებს დავტოვებ.“
„ოქროს ბურთის მოგება ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, მათ შორის ჩემი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მადრიდის „რეალში“ თამაშისას ყოველთვის უნდა იფიქრო გუნდური სულიკსვეთების გაძლიერებაზე. ეს არ არის ინდივიდუალური ჯილდო, ეს არის გუნდის დახმარებით მოსაპოვებელი ჯილდო.“
„საფრანგეთის ნაკრებში დიდი მიზნებით დავბრუნდი. მსურს, რომ ამ ხნის განმავლობაში არსებული დანაკლისი აღვიდგინო და მინიმუმ 1 ტიტული მოვიგო. ჩვენ ამის პერსპექტივა ნამდვილად გვაქვს.“
„დეშამისგან ნდობა მაქვს. ვთვლი, რომ შემიძლია ეროვნულ გუნდთან ერთად წარმატების მიღწევა. სტარტი არც ისე ცუდი იყო, თუმცა მომატებას ვაპირებ.“
- 2 ოქტომბერი 2021
- 1 450
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.