როგორი იქნება ახალი „რეალი?“
სულ რაღაც 1 კვირაში (5 ივლისს), სამეფო კლუბი წინასასეზონო მომზადების პროცესს დაიწყებს, თუმცა ამ დრომდე, არა ერთი საკითხი რჩება გადაუჭრელი.
განვლილი სეზონის დასრულებისთანავე, კლუბში საინტერესოდ განვითარდა მოვლენები. მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ზიდანმა და მის ნაცვლად კარლო ანჩელოტი დაინიშნა, თავიანთი კონტრაქტები გაახანგრძლივეს ლუკას ვასკესმა და ლუკა მოდრიჩმა, ხოლო რაც შეეხება პირველ ტრანსფერს, მადრიდელებმა დავიდ ალაბა გაიფორმეს. პარალელურად, გუნდი დატოვა კაპიტანმა სერხიო რამოსმაც, რის შემდეგ, „სანიტიაგო ბერნაბეუ“ სამარისებულმა სიჩუმემ მოიცვა, არადა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კიდე ბევრი პრობლემა არის მოსაგვარებელი.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ბურუსით მოცული გახლავთ კილიან მბაპეს თემა. როგორც იცით, „რეალი“ დიდ ყურადღებას ავლენს ახალგაზრდა შემტევის მიმართ, თუმცა სანამ ევროპის ჩემპიონატი აქტიურია, სიახლე ნაკრებად სავარაუდოა: „ამ მომენტისათვის, ჩემს ინტერესებში არ შედის მომავალზე საუბარი. ახლა ეროვნული ნაკრების რიგებში ვიმყოფები და ტურნირის მიმდინარეობაში ვარ ჩართული“ - დასძინა ფრანგმა პრესკონფერენციაზე.
სატრანსფერი ფანჯრის მხარდამხარ, იტალიელი სპეციალისტის საზრუნავია პირველი გუნდის შემადგენლობის ფორმირება. ოფიციალურად, განაცხადში 25 ფეხბურთელი უნდა მოხვდეს, მაგრამ 7 განათხოვრებული მოთამაშის ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნების შემდეგ, ანჩელოტის განკარგულებაში იმაზე მეტი შეგირდია, ვიდრე ამას საჭიროება მოითხოვს.
ამასთანავე, პაპა კარლოს დასაკომპლექტებელი ჰყავს სამწვრთნელო შტაბიც. მან შემადგენლობის ფიზიკურ კონდიციებზე ზრუნვა ანტონიო პინტუსს ჩააბარა, თუმცა ჯერ კიდევ ვაკანტურია მისი თანაშემწის სკამი, რომელიც კლუბის ვეტერანმა ფეხბურთელმა უნდა დაიკავოს.
არსებული პანდემიიდან გამომდინარე, „ბლანკოსი“ „ვალდებებასის“ ბაზაზე გაივლის პრე-სეზონს. ასევე უცნობია, გამართავს თუ არა „რეალი“ საკონტროლო შეხვედრებს.
პრიმერა დივიზიონის 2021-22 წლების სეზონი 14-15 აგვისტოს აიღებს სტარტს. ჩემპიონატის კალდენარი უახლოეს დღეების განმავლობაში გამოქვეყნდება.
AS
- 28 ივნისი 2021
- 1 219
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.