ანჩელოტის პირველი დიდი პრობლემა
როგორც ცნობილია, კარლო ანჩელოტი 5 ივლისს დაიწყებს წინასასეზონო მომზადების პროცესს.
სამეფო კლუბის ფეხბურთელები „ვალდებებასის“ ბაზაზე პირველად შეხვდებიან ახალ სამწვრთნელო შტაბს. იტალიელი სპეციალისტი მოუთმენლად ელოდება შეგირდებთან შეხვედრას, თუმცა საერთაშორისო სანაკრებო ტურნირების გათვალისწინებით, ყველაზე კარგ ვარიანტში, მის განკარგულებაში მხოლოდ 20-მდე მოთამაშე იქნება.
ამ მომენტისათვის, სამეფო კლუბის 12 მოთამაშე ევროპის ჩემპიონატსა და კოპა ამერიკაზე იღებს მონაწილეობას. ესენი არიან: ტიბო კურტუა, ედენ აზარი, რაფაელ ვარანი, კარიმ ბენზემა, დავიდ ალაბა, გარეთ ბეილი, ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი, ფედერიკო ვალვერდე, ედერ მილიტაო, კაზემირო და ვინისიუსი. მათ რიგებს შესაძლოა შეუერთდნენ ასენსიო, ბრაჰიმ დიასი, სებალიოსი და კუბო. ისინი თავიანთი ქვეყნების ოლიმპიურ გუნდების განაცხადში მოიაზრებიან. ტოკიოს ზაფხულის თამაშები კი 21 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.
ის ფეხბურთელები, რომლებიც ეროვნულ გუნდებში არიან გამოძახებულნი, ესპანეთის დედაქალაქში, ბოლო მატჩიდან 21 დღის შემდეგ დაბრუნდებიან.
კარლო ანჩელოტის სადებიუტო ვარჯიშზე კი შემდეგი მოთამაშეები მიიღებენ მონაწილეობას: ლუნინი, ალტუბე, კარვახალი, ოდრიოსოლა, ნაჩო, მარსელო, მენდი, ისკო, ოდეგარი, ლუკას ვასკესი, მარიანო, როდრიგო, იოვიჩი, ბორხა მაიორალი, ასენსიო, ბრაჰიმი, სებალიოსი, კუბო (ეს ბოლო 4 ოლიმპიადაზე არ გაემგზავრნენ) და კასტილიელები.
აღსანიშნავია, რომ სატრანსფერო ფანჯრიდან გამომდინარე, შესაძლებელია, წარმოდგენილ სიას კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი გამოაკლდეს.
მაშასადამე, ანჩელოტის განახევრებული შემადგენლობით მოუწევს ახალი სეზონისთვის მზადების პროცესის დაწყება, რაც არცთუ ისე სახარბიელოა. წინასწარი ინფორმაციით, შარშანდელის მსგავსად, „რეალი“ წელსაც „ვალდებებასზე“ გაატარებს პრე-სეზონს. ჯერჯერობით, საკონტროლო მატჩებთან დაკავშირებით არაფერია ცნობილი.
AS
- 22 ივნისი 2021
- 1 689
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.