„რეალის“ ლეგენდები, რომლებიც უკანა კარით გავიდნენ
ბოლო 25 წლიანი პერიოდი ერთ-ერთი წარმატებულია მადრიდული გრანდის ისტორიაში. „თეთრებმა“ 7-ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, ხოლო 8-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი. რა თქმა უნდა, კლუბის ნაყოფიერა სვლა დაკავშირებულია ისეთ დიდ ადამიანებთან, როგორებიც არიან: ზიდანი, რაული, რონალდუ, იერო, რამოსი და სხვანი. დასანანია, რომ არა ერთ მადრიდისტას, უკანა კარის საშუალებით მოუწია „რეალის“ დატოვება.
მიჩელი (1996)
დახვეწილმა გარემარბმა 1996 წელს, პრეზიდენტ ლორენსო სანსიც ეპოქაში დატოვა „რეალის“ რიგები. ესპანელი ფეხბურთელი 15 სეზონის განმავლობაში იცავდა „ბლანკოსის“ ღირსებას. ამ დროის განმავლობაში მას ხშირად ჰქონდა დაპირისპირება როგორც მწვრთნელებთან, ასევე გულშემატკივრებთან. მიჩელმა „მერიდასთან“ მატჩში მოირგო უკანასკნელად თეთრი მაისური და როდესაც შეცვალეს, თვალაცრემლიანებული „ბერნაბეუს“ ბალახს ეამბორა. ის მექსიკაში გადაბარგდა, სადაც უგო სანჩესსა და ემილიო ბუტრაგენიოს შეუერთდა. მიჩელის გამოსაშვიდობებელი წერილი კლუბის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა.
ვისენტე დელ ბოსკე (2003)
ისტორიაში პრიმერა დივიზიონის 29-ედ მოგებიდან 1 დღის შემდეგ, კლუბმა განაცხადა, რომ „ულვაშასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებდა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, განსაკუთრებით გუნდის გასახდელში. თავდაპირველად, ფეხბურთელები უარს აცხადებდნენ მოგებული ტიტულის აღნიშვნის მიზნით მადრიდის მერიაში მისვლაზე, თუმცა საბოლოოდ ღონისძიება მაინც არ ჩაშალეს. ამასთანავე, არა ერთმა ფეხბურთელმა ითხოვა იმ ზაფხულს „რეალიდან“ წასვლა. საგულისხმოა, რომ 2003 წლიდან მოყოლებული დღემდე, დელ ბოსკესა და „სანტიაგო ბერნაბეუს“ შორის კავშირი სრულიად გაწყვეტილია.
ფერნანდო იერო (2003)
„რეალის“ ლეგენდარული ფეხბურთელი კაპიტნობდა გუნდს ჩემპიონთა ლიგის მე-8 და მე-9 თასების მოგების დროს. სწორედ ფერნანდო იყო ერთ-ერთი, რომელიც დელ ბოსკეს გაშვების შემდეგ ღიად აკრიტიკებდა კლუბის ხელმძღვანელობასა და ფლორენტინო პერესს. იერომ ყოველგვარი გამოსაშვიდობებელი სიტყვისა და პრესკონფერენციის გარეშე დატოვა მადრიდში. დელ ბოსკეს მსგავსად, მასაც არ აქვს კომუნიკაცია ყოფილ გუნდთან.
რაული (2010)
კლუბის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა 16 წლიანი კარიერა წასვლით დაასრულა. რონალდუსა და ბენზემას გამადრიდელების შემდეგ, მას უთხრეს, რომ ახალ პროექტში აღარ მოიაზრებდნენ. „ელ კაპიტანო“ პრესკონფერენციით დაემშვიდობა გულშემატკივრებს და „შალკესკენ“ აიღო გეზი. შემდეგ, როდესაც უკვე ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაწყვიტა, გელზენკირხენულმა კლუბმა ნამდვილი ზეიმი მოუწყო სავსე სტადიონით. აღსანიშნავია, რომ „რეალმა“ გვიან გააზრა შეცდომა და უკვე 2013 წელს, საშინაო არენაზე რაულის უკანასკნელ მატჩს გაუწიეს ორგანიზება.
გუტი (2010)
ხოსე მარია გუტიერესმა „რეალში“ 24 წელი გაატარა (15 წ. პირველი გუნდის რიგებში). მან ბოლო სეზონის შუა ნაწილში აცნობა კლუბს, რომ ზაფხულში წასვლას აპირებდა და თავის მხრივ, მოურინიოსა და ხელმძღვანელობას არაფერი ჰქონიათ საწინააღმდეგო. „ბეშიქთაშში“ გადაბარგებამდე, სადაც ის მხოლოდ ერთი სეზონი დარჩა, გუტის საკმაოდ ემოციური პრესკონფერენცია ჩაატარა ხორხე ვალდანოსთან ერთად.
კასილიასი (2015)
უკანასკნელი რამდენიმე კონვულსიური სეზონის შემდეგ, იკერმა 25 წლიან თეთრ კარიერას წერტილი დაუსვა. მას არ ჰქონია გამოსამშვიდობებელი მატჩი და პრესასთანაც რამდენჯერმე გამოჩნდა. წლების შემდეგ კი აღნიშნა, რომ ორივე მხარის მიერ იყო შეცდომები დაშვებული. 2019 წელს, საფერბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, „რეალმა“ თავის ფონდში მიიწვია სამუშაოდ.
რონალდუ (2018)
„რეალის“ ისტორიაში საუკეთესო მეგოლემ, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ აცნობა გულშემატკივრებს მადრიდის დატოვების შესახებ. მისი გამოსამშვიდობებელი ცერემონია, მხოლოდ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული წერილით შემოიფარგლა. პორტუგალიელის სხვა კლუბში გადახვეწის ერთ-ერთ მიზეზად, „ბლანკოსის“ მხრიდან არასათანადო დაფასება სახელდება.
ზიდანი (2021)
ფრანგმა ლეგენდამ მოთამაშის კარიერა სამეფო კლუბში დაასრულა. უკვე მწვრთნელის რანგში ზიდანმა ზედიზედ 3 ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა მადრიდელებს, რის შემდეგაც გარკვეული პაუზა აიღო და 1 წლიანი დასვენების შემდეგ, პერესის თხოვნით, საყვარელ გუნდში დაბრუნდა. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა 2 წლიანი მუშაობის ბოლოს, ზიზუმ კვლავ წასვლა გადაწყვიტა. გამოცემა AS-ში გამოქვეყნებულ გამოსამშვიდობებელ წერილში, ტრიუმფატორმა დამრიგებელმა ხელმძღვანელობის მხრიდან შესაბამისი მხარდაჭერის არქონასა და წარსულის დავიიწყებას გაუსვა ხაზი.
ასეთია მადრიდის „რეალის“ სამწუხარო რეალობა!
- 18 ივნისი 2021
- 1 077
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.