ცნობილია 4 ფეხბურთელი, რომელთა შეძენასაც „რეალი“ შეეცდება!
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალს“ ამ ზაფხულს 4 სატრანსფერო მიზანი აქვს, რომლის 100%-ით შესრულებაც გუნდის რესურსს მნიშვნელოვნად გაზრდის.
კილიან მბაპე
ფრანგი ფეხბურთელი სამეფო კლუბის უმთავრესი მიზანია. პრეზიდენტი პერესი მზად არის, ყველაფერი დათმოს იმისათვის, რომ „პსჟ“-ს ლიდერი მადრიდელი გახადოს და „რეალის“ შეტევის ხაზი მნიშვნელოვნად გააძლიეროს. ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „რეალი“ გაყიდული ფეხბურთელების სანაცვლოდ მიღებულ სრულ თანხას, კილიანის ტრანსფერს მოახმარს.
რობერტ ლევანდოვსკი
პოლონელმა ფეხბურთელმა გარშემომყოფებს აცნობა, რომ „ბაიერნში“ დარჩენა აღარ სურს და ამ ზაფხულს კლუბის შეცვლა აქვს განზრახული. მიუხედავად იმისა, რომ ლევანდოვსკი 32 წლის არის, მისი ფასი 55-იდან 60 მილიონ ევრომდე მაინც მერყეობს. რობერტის მიმართ ინტერესს „რეალის“ გარდა „პსჟ“-ც იჩენს. ასევე საქმეში არიან პრემიერლიგის გრანდები.
ჯულს კუნდე
„რეალი“ არჩევანს პაუ ტორესსა და ჯულს კუნდეს შორის აკეთებდა, მაგრამ როგორც სჩანს, ბრძოლა ფრანგმა მცველმა მოიგო, რომელიც „სევილიაში“ შეუცვლელია და იდეალურად გამოდის. კუნდეს ფასი დაახლოებით 60 მილიონი ევროა. ახალგაზრდა უკანახაზელზე ევროპაში ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ჯულსს თავად სურს „ბლანკოსის“ არჩევა.
კამავინგა ან ფაბიანი
ედუარდო კამავინგა „რეალის“ რადარზე უკვე 2 წელია გამოჩნდა, თუმცა ტრანსფერს ხან ფინანსური სიტუაცია, ხანაც თავად ფეხბურთელის და „რენის“ პოზიცია უშლიდა ხელს. ახლა ვრცელდება ინფორმაცია, როლის მიხედვითაც, ახალგაზრდა ნახევარმცველი მზად არის „ბლანკოსის“ რიგებში სათამაშოდ. კამავინგას ფასი 70 მილიონ ევროს აღწევს. მეორე ფეხბურთელი, რომელიც სამეფო კლუბის ინტერესებშია ფაბიან რუისი გახლავთ, ესპანელ ნახევარმცველზე „რეალი“ პრეტენზიას ადრეც აცხადებდა, მაგრამ გუნდში კარლო ანჩელოტის დაბრუნების შემდეგ ინტერესი გაღვივდა. ანჩელოტი კარგად იცნობს ფაბიანს და მიიჩნევს, რომ ის დედაქალაური კლუბის ნახევარდაცვას ბევრად უფრო სოლიდურს გახდის. რუისის ფასი ამ ეტაპზე 35-40 მილიონით განისაზღვრება.
- 12 ივნისი 2021
- 3 534
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.