„რეალის“ რადარზე დუშან ვლაჰოვიჩი გამოჩნდა
„ფიორენტინას“ ახალგაზრდა ფორვარდი, დუშან ვლაჰოვიჩი, რომელმაც გასული სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა, მადრიდის „რეალის“ რადარზე აღმოჩნდა. სერბი ფეხბურთელი, რომელმაც სერია „ა“-ში 21 გოლის გატანა შეძლო, მადრიდული გრანდის გარდა რამდენიმე კლუბის ინტერესეთა არეალშია მოქცეული.
ბელგრადში დაბადებულმა ფორვარდმა „ფიორენტინაში“ შეუცვლელი ფეხბურთელის სტატუსი მოირგო, მან გასულ სეზონში 37 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 89%-ში ძირითად შემადგენლობაში იყო.
დუშანის ფასი ამ ეტაპზე 35-იდან 40 მილიონ ევრომდე მერყეობს. ფეხბურთელს „ფიორენტინასთან“ კონტრაქტი 2018 წელს აქვს გაფორმებული, რომელიც იტალიაში დარჩენას 2023 წლის ზაფხულამდე ავალდებულებს.
სამეფო კლუბს ლუკა იოვიჩთან დაკავშირებით მწარე გამოცდილება აქვს მიღებული, ამიტომ ვლაჰოვიჩთან მიმართებაში შედარებით ფრთხილ ტაქტიკას ირჩევს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იოვიჩის ფასი 60 მილიონ ევროს სცდებოდა, დუშანი კი 35-40 მილიონი ევრო ღირს.
აქვე შეგიძლიათ იხილოთ ვლაჰოვიჩის მიერ გატანილი 21-ივე გოლი სერია „ა“-ს გასულ სეზონში.
- 7 ივნისი 2021
- 1 479
- 13