ლუკა მოდრიჩი:„„რეალში“ თამაშზე დიდი ბედნიერება არ არსებობს“
ლუკა მოდრიჩმა „ბლანკოსთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და საინტერესო საკითხები მიმოიხილა.
„არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში თამაში. ეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, სადაც 9 წელიწადი გავატარე და გარანტირებულად შეიძლება ითქვას, რომ მეათე წელსაც გავატარებ. მე ბედნიერი ვარ, რომ დღევანდელი დღე დადგა. მჯერა, რომ მეათე სეზონი განსაკუთრებულად წარმატებული იქნება.“
„ბედნიერი ვარ და ამაყი ვარ იმის გამო, რომ ამდენი შევძელი. როდესაც „მერენგების“ რიგებს შემოვუერთდი 27 წლის ვიყავი და ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ 10 წლის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო კლუბის სადარაჯოზე ვიდგებოდი.“
„როდესაც ამ გუნდში თამაშობ, იძულებული ხარ საკუთარი თავისგან მაქსიმუმი მიიღო. ჩემს ასაკში დიდი დატვირთვის მიღება მარტივი არ არის, თუმცა როდესაც კარგად გძინავს, კარგად ისვენებ და იკვებები, ორგანიზმი გაძლევს იმის საშუალებას, რომ მოწოდების სიმაღლეზე იდგე. ჩემთვის აქ თამაში დიდი პასუხისმგებლობაა.“
„„რეალში“ ბევრი რამის სწავლა შეიძლება, მათ შორის უპირველესი კი ბრძოლისუნარიანობის გამომუშავებაა. აქ გასწავლიან იმას, რომ არასდროს დანებდე და შენი მიზანი, ყოველთვის მაქსიმუმი იყოს.“
„ოქროს ბურთის მოგება დიდი პატივი იყო. მაშინ ძალიან ბედნიერი ვიყავი. მახსოვს მომენტი, როდესაც ბერნაბეუზე გავედი და ჩემს მიერ მიღებული პრიზი წარვადგინე. ადგილი ჰქონდა საოცარ ემოციებს, სიხარულს და ბედნიერებას.“
„ჩემი კონკურენტები ფორმის პიკში მყოფი კრიშტიანო რონალდუ, ლეო მესი და სხვა ვარსკალვები იყვნენ, იმ ეპოქაში გამარჯვება მართლაც საოცარი გახლდათ.“
„ყველაზე დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერი მამაა. ბავშვობიდან საოცარ ნდობას ვგრძნობდი, რომელიც მას ჩემს მიმართ ჰქონდა. ყველა წარმატება ერთად გავიზიარეთ და მიხარია, რომ მამა ჩემით ყოველთვის ამაყობდა.“
„კონკრეტული მომენტების გამოყოფა რა თქმა უნდა გამიჭირდება. დაუვიწყარია „ლა დესიმა“, ასევე 2016/17 წლების საოცარი მაჩვენებლები ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ევროპის ჩემპიონატი და ასე შემდეგ. ჩემთვის გასული 9 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ მოხდა.“
„ჩემპიონთა ლიგის მეათე თასი ნანატრი იყო. გუნდს 12 წლის განმავლობაში არ მიუღწევია წარმატებისთვის, თანაც საოცარი მატჩი გამოვიდა, ბოლომდე გვჯეროდა, რომ წარმატებას მივაღწევდით. ბევრ მადრიდისტას უკვე იმედი ჰქონდა გაცრულებული, მაგრამ ბოლო წამებში ბრძოლამ შედეგი გამოიღო. დამატებით დროში 100%-ით დარწმუნებულები ვიყავით, რომ გავიმარჯვებდით.“
„მეთერთმეტე და მეთორმეტე ტიტულები დიდ ძალისხმევასთან იყო დაკავშირებული, თუმცა აქ საქმე უფრო მარტივად წარიმართა, ვიდრე „ლა დესიმას“ დროს. ჩვენ მაშინ ვერცერთი გუნდი ვერ გვიწევდა წინააღმდეგობას და საოცრება შევძელით.“
„2018 წლის წინ ზინედინ ზიდანმა ვიდეო გვაჩვენა, სადაც ასახული იყო ამერიკული გუნდების მიერ კალათბურთსა და ფეხბურთში ზედიზედ მოგებული ტიტულები. ამით ზიზუმ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ „ჰეთ-თრიკის“ შესრულება შეგვეძლო და საკუთარი ძალები უნდა გვერწმუნა. ჩვენ „ლივერპული“ დავამარცხეთ და ბევრისთვის შეუძლებელი შევძელით.“
„„რეალში“ გამარჯვებულის მენტალიტეტით ჩამოვედი, მაგრამ აქ კიდევ უფრო გავძლიერდი და მენტალური თვალსაზრისით ვპროგრესირდი. კონტრაქტს ხელი იმიტომ მოვაწერე, რომ ევროპული მწვერვალების დაპყრობა მსურდა, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.“
„2 თვის განმავლობაში ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. დიდხანს ველოდე შეთანხმების მიღწევას, შემდეგ კი ყველაფერი სწრაფად მოხდა. კონტრაქტი გავაფორმე და „რეალის“ მუზეუმში მოვხვდი, სადაც მივხვდი, რომ აქ მაგიური სამყარო იყო.“
„მე და ჩემი მეუღლე 19 წლის ასაკიდან ერთად ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია მისი როლი ჩემს ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი ამის თქმა რთულ პერიოდებზე შეიძლება.“
„სამეფო კლუბში ყველაზე ცუდი პერიოდი „ლა დესიმას“ შემდეგ სეზონში მქონდა. ჩვენ საოცარ თამაშს ვაჩვენებდით, მაგრამ ტრავმა მივიღე და თვეები გამოვტოვე, რაც საბოლოო ჯამში გუნდის წარუმატებლობაზეც აისახა.“
„„მერენგებში“ მოხვედრა ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან ერთად ითამაშებ. ჩემს გვერდზე ისტორიული ფიგურები იყვნენ და არიან. ვიმედოვნებ, მომავალში კიდევ უფრო გავძლიერდებით. ვოცნებობ, რომ „ბლანკოსმა“ მომდევნო სეზონი საუკეთესო შემადგენლობით დაიწყოს. მბაპე? ის ყველა გუნდში უმაღლესი დონის ფეხბურთს ითამშებს, მასთან ერთად თამაში დიდი სიამოვნება იქნება.“
- 26 მაი 2021
- 3 433
- 5