„რეალმა“ „კადისისთვის“ მზადება დაიწყო
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადება დაიწყეს.
გუნდმა აღდგენითი სესია გამართა. ფეხბურთელები, რომლებიც „ხეტაფესთან“ დაპირისპირებაში სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, დღეს ნაკლებად დაიტვირთნენ, დანარჩენებმა კი ზინედინ ზიდანის ყველა დავალება პირნათლად შეასრულეს.
აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად ივარჯიშა რაფალ ვარანმა, რომელიც აბსოლუტურად ჯანმრთელია.
ფერლან მენდი აღდგენით პროცესს განაგრძობს, ლუკას ვასკესისთვის კი მიმდინარე სეზონი დასრულებულია. ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კოლექტივთან ერთად არ უვარჯიშია ედენ აზარს, ის სატრენაჟორო დარბაზში ირჯებოდა.
სესიაზე ზიდანმა დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის კონტროლს, კარში დარტყმებს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშსა და ტაქტიკურ მონახაზებს.
- 19 აპრილი 2021
- 2 093
- 173