ზიდანი:„1/2 ფინალში გასვლის დიდი შანსი გვაქვს, ამიტომ უნდა მოვიგოთ“
ზინედინ ზიდანმა „ლივერპულთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ჩვენ მზად ვართ დიდი ბრძოლისთვის. ვეცდებით, რომ გუნდმა აღებულ გეზს არ გადაუხვიოს და ისე კარგად ითამაშოს, როგორც ამას წინა მატჩებში აკეთებდა. მზად ვართ ეფექტური თამაშისთვის, ბრძოლისთვისა და შეტევისთვის.“
„პუბლიკის გარეშე მოედანზე გასვლა დღევანდელი რეალობაა, რის წინააღმდეგაც უძლურები ვართ.“
„ლა ლიგა თუ ჩემპიონთა ლიგა? ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ. მადრიდის „რეალის“ ერთადერთი მიზანი ამ ეტაპზე „ენფილდზე“ გასამართ დაპირისპირებაში წარმატების მიღწევაა. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ საბოლოო გამარჯვებისკენ და ყველა თამაშში უშეღავათო ბრძოლას ვაპირებთ.“
„ეს არის მაღალი სტანდარტების მატჩი, სადაც სიზუსტეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყოველთვის მაქსიმუმს ვისახავ მიზნად და ხვალაც ასე იქნება. ჩემი გუნდი მოედანზე მოსაგებად გავა.“
„განწყობა და ფიზიკური მდგომარეობა ერთობლივად ვითარდება. მადრიდის „რეალი“ მაქსიმალური მოტივაციით ეცდება იურგენ კლოპის გუნდის დამარცხებას და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გასვლას.“
„არსებულმა პრობლემებმა გუნდი უფრო ერთიანი და მოტივირებული გახადა. ამის გარეშე ამდენი ტრავმირებული ფეხბურთელის ფონზე წარმატების მიღწევა წარმოუდგენელი იქნებოდა. მიხარია, რომ შემართებით სავსე ფეხბურთელებს ვხედავ, რომლებსაც სურთ გამარჯვება.“
„რთულ კალენდართან დაკავშირებით ადრეც ვისაუბრე. ეს არის ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვა, მაგრამ როდესაც ყველა ჩემპიონატზე აცხადებ პრეტენზიას, დატვირთვასაც უნდა გაუძლო. საბედნიეროდ, რესურსი გვაქვს და ვცდილობთ ძალების გადანაწილებას. „ბლანკოსს“ სურს, რომ გაიმარჯვოს, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე შიდა ჩემპიონატში.“
„ვალვერდეს მოტივაცია დასაფასებელია, მაგრამ ემოციური ფაქტორი ჩემზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს. თუ სამედიცინო შტაბი რეკომენდაციას არ მომცემს, ფედე მოედანზე არ გავა. ვნახოთ, რა მოხდება ხვალ.“
„არის თუ არა კლოპი „რეალის“ შესაფერისი მწვრთნელი? ამაზე პასუხი ახლა არ მაქვს, რადგან ის „ლივერპულს“ უდგას სათავეში.“
„ოდრიოზოლას ამ სეზონში ბევრი არ უთამაშია, მაგრამ „ბარსელონასთან“ მძიმე ბრძოლაში მოუწია ჩართვა. ვნახოთ, ითამაშებს თუ არა ესპანელი მერსისაიდულ კლუბთან. ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია.“
„ეს იქნება მატჩი, რომელიც 1/2 ფინალში გასვლის საშუალებას მოგვცემს, ამიტომ ახლა არა შემადგენლობაზე წუწუნის, არამედ საქმის კეთების დროა.“
- 14 აპრილი 2021
- 2 772
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.