ზიდანი:„ბენზემა საოცარ ფორმაშია, გუნდი კი პროგრესირებს“
ზინედინ ზიდანმა „სელტასთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„რთული თამაში გამოდგა. ჩვენ უპირატესობა გვქონდა და გამოვიყენეთ კიდეც. პირველი ტაიმის ბოლოს ვიგოელებმა გოლის გატანა შეძლეს, მაგრამ მეორე ნახევარში ძალიან კარგად ვიასპარეზეთ და საბოლოო წერტილიც დავსვით.“
„„რეალმა“ კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი ხასიათი. გუნდი არასდროს ნებდება. კოლექტივმა კარგად ითამაშა, როგორც ბურთით, ასევე ბურთის გარეშე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.“
„ახლა ფეხბურთელების ეროვნულ გუნდებში გაშვების დროა, რაც ჩვენს ამოცანას ართულებს, მაგრამ რეალობას ვერსად გავექცევით. ფაქტი ისაა, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ ურთულესი კალენდარი გვაქვს და დიდ გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ.“
„ვინც გუნდში რჩება, დასვენების საშუალება მიეცემა და აპრილის მნიშვნელოვან მატჩებს სრულყოფილად შეხვდება.“
„კარიმ ბენზემა საოცარ ფორმაშია. ფრანგის მოედანზე ყოფნა უდიდესი იმედია. მიხარია, რომ „9“-იანის ასეთ მატჩებს თვალს ვადევნებ. დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცა, რა როლს თამაშობს ბენზემა მადრიდის „რეალის“ წარმატებაში.“
„ჩემპიონთა ლიგაზე ახლა ფიქრის დრო არ არის, თუმცა თუ ისე ვითამაშებთ, როგორც „სელტასთან“, „ლივერპულთან“ გამარჯვება შესაძლებელი იქნება.“
„რამოსი ნაკრებში მიემგზავრება, კაპიტანი დღევანდელი დღისთვის მზად არ იყო, მაგრამ რამდენიმე დღეში ასპარეზობა სრულფასოვნას შეეძლება.“
„ვალვერდე ძალიან ენერგიული ფეხბურთელია, მას ბევრი განსხვავებული დავალება ჰქონდა, რომელსაც თავი შესანიშნავად გაართვა. ურუგვაელი ხშირად ეხმარებოდა ბენზემას.“
„კროოსის, მოდრიჩისა და კაზემიროს ტრიო საოცარია და ამ ფეხბურთელებზე დიდ იმედებს ვამყარებ. ორი მათგანი ნაკრებში მიდის. ვიმედოვნებ, ისინი ჯანმრთელად დაბრუნდებიან და ძალიან საპასუხისმგებლო დაპირისპირებებში მოწოდების სიმაღლეზე იდგებიან.“
- 20 მარტი 2021
- 4 230
- 6