ბენზემა:„რონალდუს „რეალში“ დაბრუნებას მივესალმები“
კარიმ ბენზემამ „ატალანტასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა. ფრანგი ფეხბურთელი მატჩს ოპტიმისტურად უყურებს და გამარჯვების სჯერა.
„ზუსტად ვიცი, რომ რთული მატჩი გველის, რადგან „ატალანტა“ აქ მოსაგებად ჩამოდის, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ „რეალიც“ მზად არის საბრძოლველად და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასასვლელად. დიახ, 0-1 კარგი უპირატესობაა, მაგრამ „დი სტეფანოზე“ ნულიდან ვიწყებთ.“
„რამოსის პოზიციაზე ერლინგ ჰოლანდთან დაკავშირებით? ეს კაპიტანის აზრია. მე ვფიქრობ, რომ ნორვეგიელს დიდი მომავალი აქვს და კიდევ ბევრი მუშაობა მართებს იმისათვის, რომ დადგეს დღე, როდესაც „რეალის“ მაისურში გამოწყობილი ვიხილოთ.“
„აზარს სურს ყველას აჩვენოს, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავია, მაგრამ მას ამის შესაძლებლობება არ ეძლევა. ბელგიელის გამო ძალიან ვწუხვარ და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.“
„კრიშტიანო რონალდუსთან ერთად ეპოქა შევქმენი, ჩვენ ხშირად ვკომბინირებდით და არაერთი გოლი გაგვიტანია. მე მისთვის არაერთი საგოლე გამიკეთებია და ანალოგიურად მასაც ჩემთვის.“
„მე არ ვარ პრეზიდენტი, თუმცა რა თქმა უნდა მივესალმები კრიშტიანოს დაბრუნებას. რონალდუს ცოტა ხნის წინ ვესაუბრე, მაგრამ მას დაბრუნების შესახებ არაფერი უთქვამს.“
„ზეწოლა ყოველთვის ძალიან დიდია, ვინაიდან მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვთამაშობთ. ყოველთვის 3 და 4 გოლის გატანა რთულია, თუმცა მაქსიმალურად ვიხარჯებით იმისათვის, რომ შედეგიანები ვიყოთ.“
„მე ვარ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში, რომელთანაც კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში მეწურება. თუ პრეზიდენტი გახანგრძლივებას გადაწყვეტს, ჩემი კარი ღიაა, სხვაგან წასვლაზე არ ვფიქრობ.“
„მსურს ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაში. 33 წლის ვარ და ვთვლი, რომ თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად კარგ ფორმას ვინარჩუნებ. მინახავს 39 წლის მოთამაშეები, რომლებიც ეფექტურები არიან.“
„იდეალური პოზიცია ჩემთვის არ არსებობს, რადგან ყველგან კარგად ვგრძნობ თავს. ამ ეტაპზე საკუთარი კონდიციები მაძლევს იმის საშუალებას, რომ სივრცეები გავათავისუფლო, ფლანგებზე გადავიდე და ნახევარდაცვასაც დავეხმარო. თუ გარკვეული დროის შემდეგ ფიზიკა ამის საშუალებას არ მომცემს, მხოლოდ ცენტრფორვარდად ვითამაშებ და სხვა ფუნქციებს ვეღარ შევითავსებ.“
„არ ვფიქრობ, რომ ესპანურ გუნდებს კრიზისი აქვთ და ჩამოუვარდებიან ისეთ გრანდებს, როგორებიც „ბაიერნი“, „სიტი“, „პსჟ“ და სხვები არიან. ლა ლიგაში არაერთი დიდებული კლუბი მოიძებნება, რომელიც კონკურენტუნარიანია.“
„უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ტენდეციების მიხედვით, გრანდები ხშირად კარგავენ ქულებს შედარებით დაბალი დონის გუნდებთან.“
„„ელჩესთან“ ნამდვილად გადავრჩით, თუმცა მთავარი მაინც 3 ქულა იყო. არ ჰქონდა მნიშვნელობა რამდენი გოლის გატანას შევძლებდით.“
„ბოლოს მინდა შევაქო „ატალანტას“ ფეხბურთელები, რომლებსაც საოცარი დისციპლინა და შემართება აქვთ. ჩვენ ველით უშეღავათო ბრძოლას, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ დანებებას არ ვაპირებთ. ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალისტებს შორის ერთ-ერთი გუნდი „ბლანკოსი“ უნდა იყოს.“
- 15 მარტი 2021
- 7 274
- 19
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.